პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსმა“ თბილისის რვა მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები წარადგინა
ახალმა პოლიტიკურმა პარტიამ „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის თბილისის რვა მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები წარადგინა.
პარტიის თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილი ვაკის მაჟორიტარის მანდატისთვის იბრძოლებს.
მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ჯაბა ჯიშკარიანი იქნება.
ლევან გოგიჩაიშვილი საბურთალოს მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი, კვლავაც იბრძოლებს საბურთალოს მაჟორიტარული მანდატისთვის.
დიდუბე-ჩუღურეთის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენილია გედევან ფოფხაძე.
ისანში კენჭს იყრის რეჟისორი და მკვლევარი, მეცნიერების პოპულარიზაციის ფონდ NOVA-ს დამფუძნებელი რამაზ ბლუაშვილი.
ნაძალადევში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება იურისტი, ადვოკატთა ასოციაციის წევრი და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს იურისტები სამართლიანობისთვის“ დამფუძნებელი ზვიად თავაძე.
გლდანის მაჟორიტარული მანდატისათვის იბრძოლებს ლაშა გიორგაძე – პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, სამოქალაქო აქტივისტი, „საქართველოს მედიაკლუბი – თავისუფლებისათვის“ თანადამფუძნებელი, იურისტი და ჟურნალისტი.
სამგორის საარჩევნო ოლქში კი პარტიამ წარადგინა ახალგაზრდული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რიჟამაძე.