რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის ლიდერები მივიდნენ.
გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია, ლევან ბეჟაშვილი, თამარ კორძაია, გიორგი ბოტკოველი და სერგი ჩიხლაძე შეუერთდნენ აქციის მონაწილეებს, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონი ხელს შეუშლის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დღეს რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა.
ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე განცხადება გაავრცელა. უწყების განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი და საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შსს-მ კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები გამოიყენა.