პარლამენტთან „ქართული მარშისა“ და „ქართული მისიის“ აქცია დასრულდა
პარლამენტთან „ქართული მარშისა“ და „ქართული მისიის“ აქცია დასრულდა

პარლამენტთან „ქართული მარშისა“ და „ქართული მისიის“ მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, სანდრო ბრეგაძის განმარტებით, დაშლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მათი მოთხოვნა, დაკავებული თანამოაზრეების გათავისუფლების შესახებ, დაკმაყოფილდა.

„დაპატიმრებული ლიდერები გამოუშვეს. ისინი, რა თქმა უნდა, უკანონო პატიმრობაში იყვნენ და ჩვენი მთავარი მოთხოვნა მათი გამოშვება იყო. ჩვენს სამოქმედო გეგმას უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ”, – განაცხადა ბრეგაძემ.

კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა აქციები, ბრეგაძის თქმით, აქციები გაგრძელდება.

„აქციები, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. ზუსტ დროს თარიღს და ფორმას ცოტა მოგვიანებით გამოვაცხადებთ”,- აღნიშნა სანდრო ბრეგაძემ.

დღეს თბილისის მასშტაბით გამართულ აქციებზე 30-ზე მეტი პირი დააკავეს.