რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, სადაც „ლეიბორისტული პარტია“ და ტაქსის მძღოლების ნაწილი აქციას მართავენ, ერთი ადამიანი დააკავეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ ვაჟა სირაძემ განუცხადა.
მისი თქმით, აქციის ერთ-ერთი მონაწილე არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს. ვაჟა სირაძის განცხადებით, აქციის მონაწილეებს არ ჰქონდათ უფლება, გადაეკეტათ საავტომობილო გზა.
„ამ ეტაპისთვის დაკავებულია ერთი პიროვნება. ვინაიდან მოხდა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზის შეფერხება, რაზეც ჩაერთნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მოუწოდეს მათ გზის გახსნისკენ, ერთ-ერთი მოქალაქე არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც გულისხმობს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისთვის დაუმორჩილებლობას. საავტომობილო გზის გადაკეტვის უფლება არ ჰქონდათ და შესაბამისად, პოლიციამ იმოქმედა კანონის ფარგლებში. მათ აქვთ უფლება, მშვიდობიანად გამართონ აქცია, მაგრამ არ უნდა გადაიკეტოს გზა“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. სამართალდამცველები აკონტროლებენ სიტუაციას, რათა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა არ გადაიკეტოს.
„ლეიბორისტული პარტია“ და ტაქსის მძღოლების ნაწილი იმ რეგულაციებს აპროტესტებენ, რომელიც მანქანების თეთრად გადაღებვასა და წელიწადში ორჯერ ტექდათვალიერების გავლას გულისხმობს. ისინი „ვაგზლის მოედნიდან“ პარლამენტთან მსვლელობით მივიდნენ.