თბილისში, „ვაგზლის მოედანთან“ ტაქსის მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ
თბილისში, „ვაგზლის მოედანთან“ ტაქსის მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ

თბილისში, „ვაგზლის მოედანთან“, „ლეიბორისტული პარტია“ და ტაქსის მძღოლების ნაწილი საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები იმ რეგულაციებს აპროტესტებენ, რომელიც მანქანების თეთრად გადაღებვასა და წელიწადში ორჯერ ტექდათვალიერების გავლას გულისხმობს.

ტაქსის მძღოლები აცხადებენ, რომ ავტომობილები ლიზინგით აქვთ გამოყვანილი, ხოლო მფლობელები მანქანების გადაღებვის უფლებას არ აძლევენ.

მათვე განცხადებით, ისედაც მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი მოქალაქეებისთვის, დამატებითი რეგულაცია კიდევ უფრო ართულებს მათ მდგომარეობას. მძღოლები ამბობენ, რომ წესრიგის წინააღმდეგი არ არიან.

აქციის მონაწილეები მსვლელობით საქართველოს პარლამენტის შენობასთან გაემართებიან, სადაც საპროტესტო აქციას გამართავენ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ტაქსების მიმდინარე რეფორმაზე ისაუბრა. მერმა აღნიშნა, რომ ლიცენზიის ორი მიმართულება იქნება. მისი თქმით, A კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს აქვთ ვალდებულება, ჰყავდეთ თეთრი ავტომობილი. ამასთან, A კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს მუნიციპალიტეტისგან უფასოდ გადაეცემათ სპეციალური მანათობელი. რაც შეეხება B კატეგორიის ლიცენზიანტებს, მათ არ აქვთ არანაირი ვალდებულება, არც ტაქსის გადაღებვისა და არც მანათობლის დაყენების. მათ შესაძლებლობა აქვთ, „ტაქსიფაის“ და „უბერის“ სისტემაში გაერთიანდნენ და ამ სისტემით მოემსახურონ დედაქალაქის მოსახლეობას.