პარლამენტთან აქციაზე დაშავებულებს შორის საქართველოს პირველი არხის ხუთი თანამშრომელია [ვიდეო]
თბილისში, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე დაშავებულებს შორის საქართველოს პირველი არხის ხუთი თანამშრომელია. ათსაათიან უწყვეტ ეთერში მოვლენების გაშუქებისას, „მოამბის“ ჟურნალისტს ლიკა ალელიშვილს რეზინის ტყვია ფეხში მოხვდა, რის გამოც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაშავდნენ ოპერატორები – კახა ჯონჯუა, გიორგი პაჭიკაშვილი და სანდრო ბერაძე, ასევე „მოამბის“ ჟურნალისტი ნიკა მუხიგულაშვილი.
კახა ჯონჯუას დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული. ჟურნალისტ ნიკა მუხიგულაშვილს კი, პოლიციელები ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი დააკავეს. ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და პოლიციას ჟურნალისტის დამადასტურებელი საბუთიც აჩვენა.
პოლიციამ დააზიანა „მოამბის“ ვიდეოკამერაც. ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ოპერატორსაც, რომელსაც გადაღებული მასალის წაშლას სთხოვდნენ. ნიკა მუხიგულაშვილი პოლიციიდან უკვე გაათავისუფლეს. სამსახურში დაბრუნების შემდეგ მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ექიმებმა მისი ჰოსპიტალიზების რეკომენდაცია გასცეს. ამასთან, ნიკა მუხიგულაშვილი დაკავების ოქმს ასაჩივრებს. ის არ ეთანხმება დაკავების ოქმს და მიაჩნია, რომ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მისი მხრიდან რაიმე ტიპის სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია.