საქართველოს პარლამენტთან აქცია დასრულებულია. საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ სცენისა და ტექნიკური მოწყობილობების დემონტაჟი მიმდინარეობს.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მათი ქმედებებისა და ბრძოლის შედეგია, რომ დღეს პარლამენტმა მეორე მოსმენით ჩააგდო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.
ამასთან, მათივე თქმით, ისინი ახლა ბრძოლას განაგრძობენ ევროკავშირის 12 პუნქტის შესასრულებლად.
„ეს არის ჩვენი, ხალხის გამარჯვება. 06:00 საათამდე ვრჩებოდით, ბევრჯერ გვშლიდნენ, თუმცა ვბრუნდებოდით საერთო ევროპული და ეროვნული იდეით. ამ პროტესტის მთავარი მოთხოვნა იყო კანონპროექტის ჩაგდება, თუმცა ჩვენი განწყობაა, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, ამიტომ ჩვენ ვიწყებთ გრძელვადიან კამპანიას 12 პუნქტზე. პერიოდულად აქციებითა და სხვა ფორმებით ვიმუშავებთ, რომ 12 პუნქტი აუცილებლად შესრულდეს და საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თამარ ჯაყელმა.