საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიები საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის შესახებ განცხადებას ავრცელებენ.
როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ნატო-ს წევრობა არის საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების უმთავრესი ინსტრუმენტი.
„ჩვენ, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები და დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები: ვხელმძღვანელობთ რა საქართველოს ეროვნული ინტერესებითა და საქართველოს კონსტიტუციით; ვადასტურებთ რა საქართველოსა და მისი მოქალაქეების ურყევ ნებას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, რაც აისახა: 2002 წლის ნატო-ს პრაღის სამიტიდან არაერთგზის წევრობისკენ სწრაფვის განაცხადით; 2008 წელს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ჩატარებული პლებისციტითა და 2017 წელს ნატო-ში გაწევრიანების სწრაფვის კონსტიტუციური მუხლით გამყარებით; ვემხრობით რა საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს; ვიზიარებთ რა იმ ფასეულობებს, რომლებიც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ფუნდამენტია; ვითვალისწინებთ რა, რომ კოლექტიური თავდაცვისადმი ნატო-ს წევრი ქვეყნების თანამიმდევრულმა მიდგომამ უზრუნველყო ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა; აღვნიშნავთ რა, რომ ნატო-ს „ღია კარის“ პოლიტიკა არის მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის დემოკრატიულ გარდაქმნაში; ვეყრდნობით რა ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი; აღვნიშნავთ რა, რომ, ნატო-ს უელსისა და ვარშავის სამიტების გადაწყვეტილებით, საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი; ვითვალისწინებთ რა, რომ ნატო-ს სამშვიდობო მისიებსა და ოპერაციებში მრავალრიცხოვანი და მრავალწლიანი მონაწილეობით – კოსოვო, ერაყი, ავღანეთი – საქართველომ დაამტკიცა, რომ შეუძლია, იყოს არა მხოლოდ ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმღები, არამედ მის უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი;
ერთიანი ვართ საქართველოს ნატო-ში გაწევრების მხარდაჭერაში და ვაცხადებთ შემდეგს: 1. ვადასტურებთ, რომ ნატო-ს წევრობა არის საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების უმთავრესი ინსტრუმენტი და ეფუძნება ერთსულოვან, ფართო პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მხარდაჭერას; 2. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას თავისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ; მიგვაჩნია, რომ რუსეთის მიერ პროვოცირებული ომი არის საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ტერორისტული და ღია სამხედრო აგრესიის გაგრძელება; და სამომავლოდ საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გარეშე ვერ იქნება უზრუნველყოფილი საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული მშვიდობა ევროატლანტიკურ სივრცეში; 3. მივესალმებით ნატო-ს განახლებულ სტრატეგიულ კონცეფციას, რითიც დადასტურდა ორგანიზაციის „ღია კარის“ პოლიტიკისადმი ერთგულება; გამეორებულ იქნა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება; და რუსეთს უარი ეთქვა, შექმნას საკუთარი გავლენის სფეროები და დაამყაროს პირდაპირი კონტროლი მეზობლებზე „ძალადობის, სუბვერსიის, აგრესიისა და ანექსიის გზით“; 4. გამოვხატავთ მადლიერებას ალიანსისა და მისი წევრი სახელმწიფოებისადმი არსებითი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც ნატო-ს მადრიდის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების გამო, გადაეცეს საქართველოს საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა, რაც საშუალებას იძლევა, საქართველომ გაზარდოს მუშაობა „მთლიანობისა და მედეგობის შესაქმნელად, განავითაროს შესაძლებლობები და განამტკიცოს პოლიტიკური დამოუკიდებლობა“; 5. მივესალმებით ნატო-ს გადაწყვეტილებას გაწევრიანების სამოქმედო გეგმის გარეშე ფინეთის და უახლოეს მომავალში შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ და მიგვაჩნია, რომ ეს ისტორიული პრეცედენტი გახდება მომავალი წევრების ნატო-ში გაწევრიანების პრაქტიკული განზომილება, მათ შორის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის გარეშე ; 6. ხაზგასმით აღვნიშნავთ ვილნიუსის სამიტზე და შემდგომ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობას საქართველოს ალიანსში გაწევრებასთან დაკავშირებით და ამ მიზნით კონკრეტულ, პროცედურულ ნაბიჯებზე შეთანხმების აუცილებლობას; 7. გამოვხატავთ მზადყოფნას, გამოვიყენოთ ყველა ხელმისაწვდომი პლატფორმა, საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეების ჩათვლით, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების წინსვლას საბოლოო წევრობის უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ პარლამენტის წევრები: თეონა აქუბარდია, არმაზ ახვლედიანი, დავით ბაქრაძე, თამარ ჩარკვიანი, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ხატია დეკანოიძე, ტარიელ ნაკაიძე, შალვა შავგულიძე, ნიკა მაჭუტაძე, რომან გოცირიძე, თამარ კორძაია, გრიგოლ ვაშაძე, ანა წითლიძე, აკაკი მინაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი, თინათინ ბოკუჩავა, გიორგი გოდაბრელიძე, აბდულა ისმაილოვი, გუბაზ სანიკიძე, სულხან სიბაშვილი, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი, ცეზარი ჩოჩელი, დავით ხაჯიშვილი, ლევან ხაბეიშვილი, დევი ჭანკოტაძე, ეკატერინე ხერხეულიძე, თეიმურაზ ჯანაშია, მანუჩარ კვირკელია, დავით კირკიტაძე, კახაბერ ოქრიაშვილი, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, დავით უსუფაშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი, შალვა კერესელიძე, ბექა ლილუაშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო, ვახტანგ მეგრელიშვილი, იაგო ხვიჩია, ხათუნა სამნიძე, ალექსანდრე ელისაშვილი, ქეთევან თურაზაშვილი, პაატა მანჯგალაძე, გიორგი ვაშაძე.