პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ბოლო კანდიდატ გოჩა ჯეირანაშვილს მოუსმენენ
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ბოლო კანდიდატ გოჩა ჯეირანაშვილს მოუსმენენ

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოსამართლეობის მსურველების მოსმენა დღეს სრულდება. დეპუტატები 20-კაციანი სიიდან ბოლო კანდიდატს, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის უვადო მოსამართლეს, გოჩა ჯეირანაშვილს მოუსმენენ. პარლამენტარებს კითხვები მის სამოსამართლეო საქმიანობასთან და კვალიფიკაციასთან დაკავშირებით ექნებათ.

საკანონმდებლო ორგანოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების ორთვიან პროცესს დღეს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე შეაფასებს. ანრი ოხანაშვილის თქმით, მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის ჩატარება დღეს მიზანშეწონილად არ მიაჩნია და დაგეგმილი აქვს კონსულტაციების გამართვა კომიტეტის საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე უფრაქციო კომიტეტის წევრებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

„დღეს განვაგრძობთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას და მოვუსმენთ ბოლო კანდიდატს. შესაბამისად, ჩვენ დღეს დავასრულებთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს და ამითი უკვე შევაჯამებთ მთელს იმ პროცესს, რომელიც ჩვენ დაახლოებით ორი თვის განმავლობაში წარვმართეთ. შემდგომში მექნება კონსულტაციები კომიტეტის წევრებთან, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის, ოპოზიციისა და უფრაქციო პარლამენტის წევრებთან, რომლებიც არიან კომიტეტის წევრები. მომდევნო კვირას ვგეგმავ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას და მათთან კონსულტაციას ამ პროცესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, საზოგადოებას წინასწარ ეცოდინება, როდის ჩავნიშნავთ კომიტეტს და როდის ჩატარდება კენჭისყრები, თუმცა დღეს არ მიმაჩნია მიზანშეწონილად კენჭისყრების ჩატარება, ისევე როგორც მომდევნო კვირის დასაწყისში. თუმცა ჩვენ ვიმსჯელებთ, გავივლით კონსულტაციებს და თქვენ შეჯერებული პოზიცია გეცნობებათ რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე კომიტეტის სხდომა ჩაინიშნება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

როდის გაიმართება პლენარულ სხდომაზე კანდიდატების კენჭისყრის პროცესი, იურიდიულ კომიტეტში კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი.