პარლამენტში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელზეც ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს
პარლამენტში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელზეც ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

როგორც ირკვევა, უმრავლესობის სხდომაზე დისკუსიის მთავარი საკითხი საქართველოს ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული პროცესები იყო. უმრავლესობის ლიდერები შეხვედრის თაობაზე კომენტარს დღის განმავლობაში გააკეთებენ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გაავრცელა. ეროვნულ ბანკში განაცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.

ეროვნულ ბანკში ასევე აღნიშნეს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში შესაბამისი ცვლილება. ცვლილების თანახმად, სანქციათა რეჟიმები ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი; საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი. გუშინდელ ბრიფინგზე კი, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ „სანქციების აღსრულების წესში ცვლილება მიმართული არ არის კონკრეტული სახელების, გვარების დაცვისკენ, ეს გადაწყვეტილება საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებებს დაიცავს“.

აღსანიშნავია, რომ გუშინ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ.

გარდა ამისა, გუშინ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილად მიიჩნია. შესაბამისი დასკვნა საქართველოს პრეზიდენტთანაა გადაგზავნილი.