პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშით გამოსვლა 22 მარტისთვის იგეგმება
საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ანგარიშით გამოსვლა 22 მარტისთვის იგეგმება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ახალი რეგლამენტი უკვე ამოქმედებულია და პარლამენტი იქნება აქტიური.
„ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი გახსნის ახალ, მინისტრის საათის ფორმატს. ასევე, უკვე ნახსენები იყო, 22 მარტს, თუ არ ვცდები, საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში პირველად, ინტერპელაციის წესით, მოვუსმენთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ეს რეგლამენტი არის ახალი ამოქმედებული. გვაქვს მეორე, აქტიური სამუშაო კვირა და ამ ორი კვირის განმავლობაში აქტიურად წარიმართება ზედამხედველობის პროცესი საქართველოს პარლამენტში, რაც ახალი კონსტიტუციისა და ახალი რეგლამენტის დამსახურებაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.