პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს მოუსმენენ. მინისტრი ანგარიშს წარადგენს და სამოქმედო გეგმებზე ისაუბრებს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.
საპარლამენტო უმრავლესობა ლევან დავითაშვილს ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით დაუსვამს კითხვებს. მმართველი გუნდი ასევე დაინტერესდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის სამომავლო ღონისძიების შესახებ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ოთარ დანელიას განცხადებით, ეს იქნება ვრცელი მოხსენება იქიდან გამომდინარე, რომ ორი სამინისტროს შერწყმის შემდეგ გაერთიანებული უწყების ხელმძღვანელის პირველი ანგარიშია.
„ბევრი ახალი აქტივობაა დაწყებული თავისუფალი სავაჭრო სივრციდან დაწყებული, ევროკავშირთან ასოცირების ნაწილში დასრულებული ღონისძიებებით, რომელიც ჩვენი მოსახლეობისათვის არის აქტუალური. თითოეულ მუნიციპალიტეტში არის ძალიან ბევრი თემა, რაც კვეთაშია როგორც სოფლის მეურნეობასთან, ასევე გარემოს დაცვასთან. ჩვენი ინტერესის საგანი იქნება სამომავლო ღონისძიებები; ის, თუ რა გამოწვევებია სოფლის მეურნეობაში და არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება გარემოს დაცვა, ეკოლოგიური საკითხები,”-განაცხადა ოთარ დანელიამ.
ლევან დავითაშვილს კითხვებს საპარლამენტო უმცირესობაც დაუსვამს. ოპოზიციას აინტერესებს, რა ნაბიჯები გადადგა სამინისტრომ აზიური ფაროსანას პრობლემის დასაძლევად.
ფრაქცია ,,ევროპული საქართველოს” წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მინისტრისგან დაინტერესდება სარწყავი წყლის კუთხით რაიონებში არსებული მდგომარეობითაც.
„დღეს ყველაზე მწვავე პრობლემა უკავშირდება ფაროსანას, უკავშირდება ისევ თხილს და ტექნიკის არარსებობას სოფლებში. ტექნიკის არარსებობა, სარწყავი წყალი ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორებია ჩვენი სოფლის მეურნეობისთვის და ბუნებრივია, მინისტრისგან გვაინტერსებს განმარტებები ამ საკითხთან დაკავშირებით,”- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
პლენარული სხდომა, რომელზეც ლევან დავითაშვილს მოუსმენენ, 12:00 საათზე დაიწყება.