პარლამენტში კულტურის კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა
პარლამენტში კულტურის კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტში კულტურის კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს ყოველწლიური სხდომა გაიმართა.

სხდომის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. მან ყურადღება კულტურის კომიტეტის საქმიანობასა და საკონსულტაციო საბჭოს როლზე გაამახვილა.

„მიხარია, რომ დატვირთული პოლიტიკური დღის წესრიგის ფონზე ყოველთვის არის მომენტი, როდესაც კულტურაზე და ისეთ საკითხებზე ვმსჯელობთ, რომლებიც, საბოლოო ჯამში, არის ქვეყნის, ერის, საზოგადოების განვითარების საფუძველი. ამიტომ განსაკუთრებით ვაფასებ კულტურის კომიტეტისა და საკონსულტაციო საბჭოს მუშაობას, სწორედ ეს არის პარლამენტის და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის მაგალითი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტში კულტურის კომიტეტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ. მისი თქმით, კულტურასა და ხელოვნებას საქართველოში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ისინი ქართველობის იდენტობის ნაწილს და ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათს წარმოადგენენ.

„მინდა, გამოვხატო მხარდაჭერა კულტურის სფეროს მიმართ, წარმატებები ვუსურვო საპარლამენტო კომიტეტს და მის თავმჯდომარეს, ელისო ბოლქვაძეს. ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემით და გააზრებით, მჯერა, რომ ჩვენ უფრო ჰარმონიულ, უფრო განათლებულ და უფრო წარმატებულ საზოგადოებას ავაშენებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ კულტურისა და კულტურული დიპლომატიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კულტურის კომიტეტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტს სწორედ კულტურის დიპლომატია წარმოადგენს.

მისივე თქმით, 2024 წელს პარლამენტი სახელოვნებო განათლების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს.

„დღევანდელ მსოფლიოში, ერების დაახლოების კონტექსტში კულტურა დიდ როლს თამაშობს. სხვადასხვა იდენტობის მქონე ერების კულტურული თანამშრომლობა ამდიდრებს ერთიანი ევროპის იდეას და გლობალურად ხელს უწყობს კაცობრიობის განვითარებას. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ კულტურის კომიტეტის ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბება საქართველოს პარლამენტში სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ სახელმწიფო ხედვა გულისხმობს კულტურის სფეროს განვითარებას და ხელშეწყობას ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

სხდომაზე კულტურის კომიტეტის საქმიანობა შეაჯამეს.

პანელური დისკუსიის ფორმატში განიხილეს შემდეგი საკითხები: სახელოვნებო განათლების რეფორმის მნიშვნელობა საქართველოში; ახალგაზრდების ცნობიერებისა და შემოქმედებითობის ამაღლება თანამედროვე სამყაროში; კულტურის მეშვეობით ლიდერი ქალების როლი საზოგადოებაში; კულტურის როლი სამშვიდობო პროცესებში.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და სპეციალურად მოწვეული სტუმრებმა.

პანელური დისკუსიის მთავარი მომხსენებლები იყვნენ: იუნესკო-ს ყოფილი გენერალური დირექტორი, სამეცნიერო მისიებისა და მდგრადობის გლობალური კომისიის საერთაშორისო სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი ირინა ბოკოვა, შვეიცარიის საერთაშორისო პოლიტიკის ფორუმის ვიცე-პრეზიდენტი, ჟენევის უშიშროების პოლიტიკის ცენტრის ასოცირებული ექსპერტი დავით ჩიკვაიძე, ლიდერობის, კულტურისა და განვითარების პროფესორი ღასან ხალილი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი, საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ კუბერნატი, იაპონიის ელჩი იშიძუკა ჰიდეკი, ბულგარეთის ელჩი ვესელინ ვალკანოვი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ერნსტ პეტერ ფიშერი, იტალიის რესპუბლიკის ელჩი ენრიკო ვალვო, ჩინეთის ელჩი ჭოუ ციენი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი ფაიგ გულიევი.