ტყიბულში მინდელის სახელობის შახტის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
ტყიბულში მინდელის სახელობის შახტის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

ტყიბულში მინდელის სახელობის შახტის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა დასრულდა.

როგორც „საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, მიხაილ სოცკიმ განაცხადა, არსებული ვითარებიდან გამოსავალი მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომაა. პროფკავშირების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ დიალოგს მიესალმებიან.

„დაახლოებით ორი კვირის წინ კომპანიაში შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო. ეს იყო ერთთვიანი მუშაობის შედეგი. საკონსულტაციო საბჭო შედგება 46 ადამიანისგან. მასთან ჩამოყალიბდა ხუთი კომიტეტი. საბჭოს თითოეული წევრი აირჩა მეშახტეებს შორის, პირდაპირი ხმის მიცემის წესით.

დღეს შედგა კომიტეტების არასანქცირებული სხდომა. ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რომ დღეს საშახტო ტრანსპორტის უბანმა უარი განაცხადა სამუშაოდ წასვლაზე. კომიტეტების მუშაობის ფარგლებში, განხილული იქნა ის მოთხოვნები, რომლებიც წამოაყენეს საშახტო ტრანსპორტის თანამშრომლებმა. მათ მიერ წამოყენებული მოთხოვნები უკვე დიდი ხანია, განხილვის პროცესშია და მათზე პასუხები 100 პროცენტით გადაწვეტყილია. საკონსულტაციო საბჭო უკვე ემზადებოდა ამ საკითხების განხორციელებისთვის. არ არის ისეთი საკითხები, რომლებზეც საკონსულტაციო საბჭოს პასუხი არ აქვს.

საბჭოსთვის და მისი წევრებისთვის მიუღებელია არა მოთხოვნები, არამედ ამ მოთხოვნების გამოხატვის ფორმა. ჩვენთვის მისაღებია ნებისმიერი საკითხის და სადავო თემის გადაწყვეტა მოლაპარაკების მაგიდასთან“, – განაცხადა სოცკიმ.

მეშახტეებისთვის ხელფასის 300 ლარით მომატებასთან დაკავშირებით კი მან განაცხადა, რომ ფიქსირებული ოდენობით ეს არ მოხდება, რადგან მოქმედებს საბონუსე სისტემა. სოცკის განცხადებით, თანამშრომლები, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, პრემიებს იღებენ.

„ჩვენ არ გვაქვს ასეთი გაგება, რომ გაზარდოს ხელფასი 300 ლარით თუ სხვა ოდენობით, რადგან შექმნილია სპეციალური პრემირების და ბონუსური სისტემა. ის საშუალებას გვაძლევს, რომ სამუშაოს 100 პროცენტით გულისხმიერად შესრულებისა და სერიოზული მიდგომის შემთხვევაში, თუ ყველა მაჩვენებელი სრულყოფილად იქნება შესრულებული, პრემიები შეიძლება 300 ლარზე მეტიც იყოს. ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ სამუშაოს შესრულებაზე, არღვევენ უსაფრთხოების წესებს, მერწმუნეთ ასეთი შემთხვევა საკმაოდ ბევრია. იყო შემთხვევა, როცა არ იმყოფებოდნენ სამუშაო ადგილზე, ეძინათ სამუშაო ადგილზე, ან საერთოდ აცდენენ და შემდეგ უფასო შვებულებას აფორმებენ. ამიტომ შეიქმნა სპეციალური სისტემა და ვინც სრულყოფილად ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს, მიიღებენ ბონუსებს. ეს მათ მისცემს საშუალებას, მნიშვნელოვნად გაზარდონ თავისი შემოსავალი“, – განაცხადა სოცკიმ.

მისივე ინფორმაციით, მთელი კოლექტივი არ გაფიცულა და საუბარია 30-40 თანამშრომელზე.

დაუბრუნდებიან თუ არა გაფიცულები სამუშაო პროცესს, ხვალ გახდება ცნობილი.

დღეს მინდელის სახელობის შახტის თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა. მეშახტეები ხელფასის მომატებას ითხოვენ.