პარლამენტში ინტერპელაციის წესით მამუკა ბახტაძეს, დავით სერგეენკოსა და თამარ ჟვანიას მოუსმენენ
საქართველოს პარლამენტში დღეს ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას მოუსმენენ.
მამუკა ბახტაძე პარლამენტში „ევროპულმა საქართველომ“ მიიწვია და ინტერპელაციის წესის შესაბამისად, მას ორი კითხვა წინასწარ გადაუგზავნა. ოპოზიციური ფრაქციის ინტერესი საბანკო რეგულაციებს შეეხება. მას შემდეგ, რაც მამუკა ბახტაძე რეგულაციების შესახებ მოხსენებით წარდგება, დებატების ნაწილი დაიწყება, რა დროსაც დეპუტატები კითხვის დასმას სხვა საკითხებზეც შეძლებენ.
„ეს კითხვები ძირითადად ეხება რეგულაციებს, რომელმაც ფაქტობრივად დააზიანა საქართველოს ეკონომიკა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, მაგალითად, ფოთის პორტთან დაკავშირებული მოვლენები, ასევე კორუფციული სქემები და რასაკვირველია, კონკრეტული კითხვების გარდა, გვექნება აქცენტები ამ საკმაოდ მძიმე, შემაშფოთებელ ვითარებასთან, როდესაც ანაკლიის პორტის პერსპექტივას ფაქტობრივად ხელს უშლის ცენტრალური ხელისუფლება“, – განაცხადა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა სერგო რატიანმა.
დღესვე, ინტერპელაციის ფორმატში პარლამენტში დაგეგმილია ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს გამოსვლა. მინისტრი პარლამენტში ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ სოციალურ საკითხებზე სასაუბროდ მიიწვია.
„რასაკვირველია, საინტერესო ფორმატია. სამწუხაროდ, აქამდე ვერ მოვახერხეთ ამ ფორმატისთვის საქმიანი სახის მიცემა, რადგან ყოველთვის რაღაც სკანდალურ ფორმატში გადაყვანას ცდილობენ ჩვენი ოპონენტები, თუმცა შეკითხვებიც საინტერესოა და ველოდებით საინტერესო პასუხებს სოციალურ საკითხებთან და სამედიცინო მომსახურების გარკვეულ ფორმებთან დაკავშირებით“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.
მთავრობის წევრების გარდა, იმავე ფორმატში დღეს საპარლამენტო ტრიბუნას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია დაიკავებს. ის 2018 წლის საპრეზიდენტო და 2019 წლის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით სასაუბროდ ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიწვია.