პარლამენტში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს მოუსმენენ
საქართველოს პარლამენტში დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს მოუსმენენ.
ლევან დავითაშვილი დეპუტატების წინაშე აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარდგება.
მინისტრი კანონმდებლებს 2017 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ მიაწოდებს ინფორმაციას.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ პირველ არხს განუცხადა, ლევან დავითაშვილი დეპუტატებს ინფორმაციას მიაწოდებს პროექტების მართვის საააგენტოს მიერ განხორციელებული ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში მიმდინარე პროგრამებისა და კოოპერატივების სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. ასევე, საუბრის თემა იქნება სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია, მცენარეთა დაცვა და საგარეო ვაჭრობა.
„საუბარი შეეხება სხვადასხვა პროგრამას. ეს არის შეღავათიანი აგროკრედიტი, აგროდაზღვევის პროგრამა. ასევე, რა მიღწევები გვაქვს ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების კუთხით. რა თქმა უნდა, ყურადღება დაეთმობა საგარეო ვაჭრობის თემებს, ექსპორტისა და იმპორტის მონაცემებს – თუ რა მიღწევები გვაქვს ამ კუთხით. მოგეხსენებათ, 2017 წელს განსაკუთრებით ღვინის ექსპორტის კუთხით გვქონდა ძალიან კარგი შედეგები“, – განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.
მისივე ინფორმაციით, დღევანდელ საკომიტეტო მოსმენაზე გამოწვევების კონტექსტში ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი სავარაუდოდ აზიური ფაროსანა იქნება.
„მოგეხსენებათ, აზიური ფაროსანა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა 2017 წელს. ამ კუთხით 2017 წელს განხორციელებული ღონისძიებები იქნება ერთ-ერთი განსახილველი საკითხი და ბუნებრივია, ჩვენ მზად ვიქნებით, დეპუტატების მხრიდან დასმულ ნებისმიერ შეკითხვას გავცეთ პასუხი“, – განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.
გასული წლის ანგარიშის გარდა, დეპუტატები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამომავლო გეგმებსაც მოისმენენ.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, უწყება 2018 წელს უკვე არსებული პროგრამების გაგრძელებას გეგმავს, მათ შორისაა ეკონომიკური სტიმულის შემქმნელი, წამახალისებელი პროგრამები, კოოპერატივების მხარდაჭერა და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა.