პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსის მონაწილეთა სია გამოაქვეყნა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ ღია კონკურსში რვა კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
კერძოდ, პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ესენი არიან: მალხაზ ასლამაზაშვილი, დონარა შონავა, მიხეილ ჩიკვილაძე, ზაალ ანჯაფარიძე, მიხეილ ჭიაურელი, მანანა ღოღობერიძე, ნინო მინდიაშვილი, ია მამალაძე.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ვაკანტურ ადგილზე საქართველოს პარლამენტმა ღია კონკურსი 8 თებერვალს გამოაცხადა, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის შემადგენლობა 21 თებერვალს დაამტკიცა.
კომისია ღია კონკურსში მონაწილე რვა კანდიდატიდან ჯერ სამს შეარჩევს, მათგან კი შეირჩევა სამეურვეო საბჭოს ერთი კანდიდატი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზაზა შათირიშვილმა პარლამენტს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადებით 24 დეკემბერს მიმართა. ზაზა შათირიშვილი სამეურვეო საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით იყო არჩეული.
ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევმა საპარლამენტო საკონკურსო კომისიამ დღეს პირველ სხდომაზე საორგანიზაციო საკითხები განიხილა.
საკონკურსო კომისიამ კომისიის თავმჯდომარედ პიარსააგენტოს „ჯეპრას“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი აირჩია, ხოლო კომისიის მდივნად – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი ერმილე მესხია.