პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა
პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა. საკითხს მხარი 82-მა დეპუტატმა ერთი წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.

კომისია შემდეგი შემადგენლობით დამტკიცდა:

სოსო გალუმაშვილი – საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი, პიარსააგენტო „ჯეპრას“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი;

გოდერძი შარაშია – ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი;

ბონდო მძინარაშვილი – ტელეკომპანია „ობიექტივის“ მთავარი რედაქტორი;

ეთერ (ბაია) გადაბაძე – მედიამენეჯერი;

ნინო ახვლედიანი – ჟურნალისტი, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის პიარ ხელმძღვანელი;

სალომე უგულავა – ჟურნალისტი, ონლაინგამოცემა „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი;

ერმილე მესხია – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი;

დავით ცხადაძე – კინოპერატორი, ხელოვნებათმცოდნე;

ნათია კუპრაშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარე.

აღნიშნული წევრები დასახელებულნი არიან შესაბამისი კვოტებით. კერძოდ: წევრობის სამი კანდიდატი დასახელებულია სამი ოპოზიციური საპარლამენტო პარტიის მიერ, ერთი სუბიექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ, ერთი კანდიდატი წარმოდგენილია სახალხო დამცველის მიერ, დანარჩენები – საპარლამენტო უმრავლესობის მიერ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 24 დეკემბერს ზაზა შათირიშვილმა პარლამენტს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადებით მიმართა. ზაზა შათირიშვილი სამეურვეო საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით იყო არჩეული.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ვაკანტურ ადგილზე პარლამენტმა ღია კონკურსი რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა.