პარლამენტმა მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების განახლებული შემადგენლობის თაობაზე დადგენილების პროექტი დაამტკიცა
პარლამენტმა მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების განახლებული შემადგენლობის თაობაზე დადგენილების პროექტი დაამტკიცა.
დადგენილების პროექტზე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იმსჯელეს. დეპუტატებს დოკუმენტის შინაარსი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავამ წარუდგინა.
დღის ბოლოს კენჭისყრა გაიმართა. დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა 76-მა დეპუტატმა, 12 კი წინააღმდეგ წავიდა.
აღნიშნული დადგენილების შესაბამისად, განახლდა 10 მუდმივმოქმედი დელეგაცია, რომელთა შორის არის ევროსაბჭოს დელეგაციაც. ევროსაბჭოს დელეგაციაში გადანაწილებული კვოტები გახდა ოპოზიციისა და საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრების პროტესტის მიზეზი. ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე და ლევან გოგიჩაიშვილი ითხოვდნენ, ამ დელეგაციაში ადგილები დამოუკიდებელ დეპუტატებსაც ჰქონოდათ.
მათ საპასუხოდ, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განმარტა, რომ დელეგაციების განახლების მიზეზი გახდა საპარლამენტო პროპორციული წარმომადგენლობის ცვლილება. კახიანის განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში კვოტები არ შეცვლილა და ის გადანაწილდა იგივე პოლიტიკურ ძალებზე, როგორც არიან მოქმედი წარმომადგენლები. მისი განცხადებით, დამოუკიდებელ დეპუტატებს ევროსაბჭოს დელეგაციაში წარმომადგენლობა არასდროს ჰყოლია.
დადგენილების მიხედვით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში წარდგენილი არიან თამარ ჩუგოშვილი, არჩილ თალაკვაძე, სოფო ქაცარავა, ნინო გოგუაძე, დავით ბაქრაძე. სათადარიგო შემადგენლობაში კი სოფო კილაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინე ფრუიძე, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე.