საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია რუმინეთის კვლევების, დიგიტალიზაციისა და ინოვაციების მინისტრს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია რუმინეთის კვლევების, დიგიტალიზაციისა და ინოვაციების მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, რუმინეთის კვლევების, დიგიტალიზაციისა და ინოვაციების მინისტრს, ბოგდან ივანს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს ეკონომიკური და ციფრული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალი და ამ კონტექსტში ისაუბრეს წყალქვეშა ინტერნეტკაბელის და ელექტროგადამცემი წყალქვეშა სადენის პროექტებზე, რომლებიც საქართველოს ევროკავშირთან დააკავშირებს. ასევე, განიხილეს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობა და საქართველოს, როგორც ციფრული ჰაბის პოტენციალი.

საუბარი შეეხო ევროკავშირის მომავალ ენერგოუსაფრთხოებასა და ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობაში საქართველოს მნიშვნელოვან როლს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და რუმინეთის მზაობას და მისწრაფებას, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაფართოვდეს და დაგეგმილი მასშტაბური სტრატეგიული პროექტები განხორციელდეს.

„დაწყებულია მუშაობა წყალქვეშა ინტერნეტკაბელის პროექტის განხორციელებაზე, რომელიც საქართველოს დააკავშირებს ევროკავშირთან. ინოვაციურ პროექტად მიიჩნევა, ასევე, ენერგეტიკული წყალქვეშა კაბელი. სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით, რუმინეთის მხარემ უკვე მოამზადა სამოქმედო გეგმა, რომელსაც უახლოეს დღეებში გადმოგვცემს და, ჩვენ მიერ ამ გეგმის განხილვის შემდეგ, გვექნება კონკრეტული ღონისძიებები გაწერილი“,- აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ალექსანდრე მოწერელია.