პარლამენტმა ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა
პარლამენტმა ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს და მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ერთი წავიდა.

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ცვლილებები გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ კორუფციის წინააღმდეგ არაფერი შეიცვლება.

რაც შეეხება ცვლილებებს, შეიქმნება ანტიკორუფციული ბიურო, რომლის ძირითადი ამოცანა იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა.

ცვლილებებით, ანტიკორუფციული ბიურო ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას.

ამ მიზნით აღნიშნული ბიურო ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას.

პროექტით კონკრეტდება, რომ ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. კერძოდ, ბიუროს ხელმძღვანელი წლიურ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, ხოლო პერიოდულ ანგარიშებს წარუდგენს უწყებათაშორის ანტიკორუფციულ საბჭოს.

რაც შეეხება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნას, ცვლილებებით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის კანდიდატურებს ღია კონკურსის საფუძველზე, გამჭვირვალე პროცედურების დაცვით, შეარჩევს სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნილი საკონკურსო კომისია და თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს და თანამდებობაზე დანიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს.