პარლამენტმა 2020 წლის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ დადგენილების პროექტი მიიღო
საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა „2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ“ დადგენილების პროექტი განიხილეს და 79 ხმით 1-ის წინააღმდეგ მიიღეს.
დადგენილების პროექტი და შესაბამისი რეკომენდაციები პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მოამზადა, რომლის შემადგენლობაში არიან დეპუტატები – გივი მიქანაძე, ალუდა ღუდუშაური, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი.
კომისიის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, კომისიის ანგარიშში, რეკომენდაციებში, დასკვნებსა და დადგენილების პროექტში ასახულია ყველა შესწავლილი ფაქტი, რასთან დაკავშირებითაც ოპოზიციის დიდი ნაწილი თვეების განმავლობაში ცდილობდა, საზოგადოებისთვის დაემტკიცებინა, რომ არჩევნები იყო არალეგიტიმური, არჩევნები გაყალბდა და ადგილი ჰქონდა უხეშ დარღვევებს, რასაც შეიძლებოდა გავლენა ჰქონოდა იმ საბოლოო შედეგებზე, რომელიც ცესკო-მ წარმოაჩინა.
გივი მიქანაძის განცხადებით, 120 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, 12 ადგილობრივი ორგანიზაცია, 47 000-მდე დამკვირვებლით აკვირდებოდა არჩევნებს. 48 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია იქნა დარეგისტრირებული 910 წარმომადგენლით. არჩევნებს აშუქებდა ცესკო-ს მიერ აკრედიტირებული 118 მედიასაშუალება, რომელიც 6 000-ზე მეტი წარმომადგენლით მონაწილეობდა არჩევნების პროცესში.
მისი თქმით, არჩევნების დასრულებისთანავე, ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა წარმოადგინა ბრალდებები არჩევნების შედეგების შეუსაბამობის თაობაზე კონკრეტული ნების გამოხატულებასთან.
მიქანაძის განცხადებით, მმართველი პარტიის მიერ მყისიერად იქნა შეთავაზებული: ასობით საარჩევნო უბნის გადათვლა, საარჩევნო უბნებში არსებული ჩანაწერების ამოღება და მათი გაშიფვრა, სატელევიზიო ტელედებატები.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, იმისთვის, რომ არ დარჩენილიყო რაიმე კითხვის ნიშანი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე დაინიცირდა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა.
„სამწუხაროა, მაგრამ ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა აღნიშნული შეთავაზებები არ მიიღო და შესაბამისად, არც საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა გაიზიარა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს დღემდე არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, რომ არჩევნები გაყალბდა ან რაიმე სახის მანიპულაციებს ჰქონდა ადგილი.
მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ძალოვანი სტრუქტურების მყისიერ რეაგირებაზე.
„წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს, ძალოვანი სტრუქტურების მიერ 180 შემთხვევაში აღძრული იქნა სისხლის სამართლის საქმე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან რეაგირება იმ ქმედებებზე, რომელშიც შესაძლოა, ყოფილიყო დანაშაულის შემცველი ნიშნები, სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან იყო მყისიერი“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მან ყურადღება გაამახვილა ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ჩატარებული პარალელური დათვლის შედეგებზე.
მისი თქმით, მმართველმა გუნდმა ეჭვქვეშ დააყენა „სამართლიანი არჩევნების“ მიერ სამი საათის დაგვიანებით წარმოდგენილი შედეგები. სახელისუფლებო გუნდის ძალისხმევის საფუძველზე, ორგანიზაცია იძულებული გახდა, დაენიშნა შიდა აუდიტი, თუ რამდენად სწორი იყო მის მიერ გამოყენებული ფორმულა.
გივი მიქანაძის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ ფორმულის ჩასწორების საფუძველზე ორგანიზაციის მონაცემები დაემთხვა ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ საბოლოო შედეგებს.
დადგენილების პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლებმა.
კომისიის საქმიანობით გამოვლენილი შედეგების თაობაზე პოზიცია დააფიქსირეს როგორც ფრაქციების წარმომადგენლებმა, ასევე უფრაქციო დეპუტატებმა.
„ანალიზზე დაფუძნებული შედეგები მიუთითებს, რომ დესტრუქციულ ოპოზიციას მიზნად ჰქონდა საზოგადოების და დასავლელი პარტნიორების მოტყუებით მოეპოვებინა მათი მხარდაჭერა, კანონსაწინააღმდეგო გზით ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად“, – განაცხადა შემაჯამებელ სიტყვაში გივი მიქანაძემ.