პარლამენტის წინ მოქალაქეთა ჯგუფმა დღეს აქცია გამართა.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ფულად-საკრედიტო პოლიტიკით დაზარალებულთა უფლებების დაცვის კომიტეტის“ წარმომადგენელმა, მამისა ჯაფარაშვილმა განაცხადა, მევახშეობა და ბანკები ყველაზე დიდი პრობლემაა ქვეყანაში.
„ხუთი დღის წინ დავაანონსეთ, რომ მევახშეობასა და ბანკების თემაზე საპროტესტო აქცია გაგვემართა პარლამენტთან. გუშინ დავინახეთ, რა მოხდა და როგორც მოხდა. რომ გადამედო ეს აქცია დღეს, იმას ნიშნავდა, რომ რაღაცის გამო შემშინებოდა და ამაში მიზეზს ვერ ვხედავდი. ამიტომ, მოვედი დღეს. ყველაზე მეტად გამაღიზიანა იმან, რომ გუშინ აქციას მამუკა ხაზარაძე შეუერთდა, რომელმაც მილიონობით ადამიანი გააუბედურა საქართველოში“,- აღნიშნა მამისა ჯაფარაშვილმა.
მისივე თქმით, „ადამიანები, რომლებიც გუშინ გამოვიდნენ აქციაზე და ხვალაც გამოვლენ, იმიტომ კი არ გამოდიან, რომ პროპორციული არჩევნები უნდათ, არამედ იმიტომ, რომ ეგებ, ამ აქტიურობით, ვიღაცის გადაგდებით და მთავრობის გადაყენებით, სოციალურად რამე ეშველოს, რადგან უმძიმეს სიტუაციაშია ქვეყანა“.