პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების შეტანის შემდეგ დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი შეუძლოდ გახდა
საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების შეტანის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ენძელა მაჭავარიანი შეუძლოდ გახდა.
როგორც ენძელა მაჭავარიანმა აღნიშნა, არის ალერგიული და გაურკევევლი სუნის გამო თავი ცუდად იგრძნო.
„სუნებზე მაქვს ალერგია. სუნამოზეც ალერგია მაქვს. სხდომათა დარბაზში არ დამინახავს ირმა ნადირაშვილი, დავინახე ლელა ქებურია, მეორე ვინ იყო ყურადღება არ მიმიქცევია. რა დაასხეს, არ დამინახავს. ყელში რაღაც მაწუხებს, ისეთი არაფერი მჭირს. ოჯახის წევრებიც უყურებენ ამას, სირცხვილია“, – განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.
სხდომათა დარბაზში სესიის დროს დეპუტატებმა მძაფრი სუნი იგრძნეს. როგორც დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, სხდომათა დარბაზში ორი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა და გარკვეული ნივთიერება შეიტანა.
ამასთან, დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის ინფორმაციით, მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც სხდომათა დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ.