პარლამენტის სხდომათა დარბაზში ერთმანეთს გიორგი ვაშაძე და ანზორ ბოლქვაძე დაუპირისპირდნენ [ვიდეო]
პარლამენტის სხდომათა დარბაზში ერთმანეთს გიორგი ვაშაძე და ანზორ ბოლქვაძე დაუპირისპირდნენ. მათ შორის კონფლიქტი ხულოს ინფრასტრუქტურის საკითხებმა გამოიწვია.
დეპუტატი ბოლქვაძე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ხულო-ადიგენის გზის მშენებლობაზე საუბრობდა, რა დროსაც განაცხადა, რომ აღნიშნული გზის მშენებლობას წინა ხელისუფლების დროს მწვანე შუქი არასდროს ანთებია.
სხდომაზე დეპუტატებმა მაშინ იკამათეს, როდესაც სესიაზე სიტყვით დიმიტრი ხუნდაძე გამოდიოდა.
გიორგი ვაშაძემ ანზორ ბოლქვაძეს მიმართა – „შენს ადგილზე ხმას არ ამოვიღებდი საერთოდ, ჩემს სახელს ნუ ახსენებ“.
ანზორ ბოლქვაძემ ვაშაძის საპასუხოდ აღნიშნა, რომ მის სახელს არ ახსენებს და გაუგებარი იყო მისი ეს პოზიცია.
დეპუტატებს შორის ინციდენტი ამ დროისთვის ამოწურულია.
დეპუტატებს შორის დაპირისპირებას სხდომაზე ალეკო ელისაშვილი გამოეხმაურა.
„მეგონა, პოლიტიკაში თითქმის ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ ვაშაძე თუ ძველი ბიჭი იყო, არ მეგონა ნამდვილად. ბოლო დროს ყველას გვეძველბიჭება. ეგრე გააგრძელე გიორგი“, – აღნიშნა ელისაშვილმა.