პარლამენტის სხდომა დღეს შესაძლოა, შარლ მიშელისა და დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიების მონაწილეობით გაიმართოს
საქართველოს პარლამენტში დღეს შესაძლოა, სხდომა გაიმართოს, რომელსაც შარლ მიშელი და მის დოკუმენტზე ხელმომწერი ყველა პარტიის წარმომადგენელი დაესწროს.
ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ დადასტურებული არ არის.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში დღეს ჩამოფრინდება.
შარლ მიშელი თავდაპირველად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება და მათ შორის პირისპირ საუბარი გაიმართება.
დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ერთობლივი განცხადებები პრესისთვის.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დღესვე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.
ამასთან, შარლ მიშელი პარლამენტში შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძესა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.
დღის ბოლოს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პატივსაცემად, სალომე ზურაბიშვილის სახელით სადილი გაიმართება.
ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ გუშინ ხელმოწერა გაიმართა.