შარლ მიშელი დღეს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება
შარლ მიშელი დღეს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში დღეს, 15:00 საათზე ჩამოფრინდება.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შარლ მიშელი თავდაპირველად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება და მათ შორის პირისპირ საუბარი გაიმართება.

დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ერთობლივი განცხადებები პრესისთვის.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დღესვე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

ამასთან, შარლ მიშელი პარლამენტში შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძესა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

დღის ბოლოს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პატივსაცემად, სალომე ზურაბიშვილის სახელით სადილი გაიმართება.

ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ გუშინ ხელმოწერა გაიმართა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი 18 აპრილს წარუდგინა. კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.

ამასთან, შარლ მიშელის ​დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.