ნიკოლოზ სამხარაძე​ – ჭეძიანგის ​პროვინციის ეროვნული კონგრესის ვიცე-სპიკერთან განვიხილეთ ეკონომიკური და სავაჭრო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები საქართველოსა და ჭეძიანგის პროვინციას შორის

18:38, 12.11.2026

ჭეძიანგი არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პროვინცია ჩინეთში, ქალაქი ჰანგჯოუ არის ჩინეთის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დედაქალაქი, ჩვენთვის საინტერესო იყო მოსმენა, თუ რა შესაძლებლობები არსებობს პარტნიორი ქვეყნებისთვის, ჩაერთონ პროვინციასთან ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საპარლამენტო დელეგაციის ჩინეთში, ​ჭეძიანგის პროვინციაში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ​ჭეძიანგის პროვინციაში, ქალაქ ჰანგჯოუში ვიზიტის ფარგლებში უკვე შედგა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრა პროვინციის ხელმძღვანელობასთან, კერძოდ, პროვინციის ეროვნული კონგრესის ვიცე-სპიკერთან.

„შეხვედრაზე განვიხილეთ ეკონომიკური და სავაჭრო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები, რომლებიც საქართველოსა და ჭეძიანგის პროვინციას შორის არსებობს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მდიდარი პროვინცია ჩინეთში. ასევე, ქალაქი ჰანგჯოუ არის ჩინეთის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დედაქალაქი. აქ არის ძალიან ბევრი კომპანია, განსაკუთრებით ცნობილია ალბათ „ალიბაბა“. თუმცა აქაა სხვა კომპანიებიც, რომლებიც ინოვაციურ პროექტებზე მუშაობენ და ასევე არის ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი პორტი. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის საინტერესო იყო მოსმენა იმისა, თუ რა შესაძლებლობები არსებობს პარტნიორი ქვეყნებისთვის, რომ ჩაერთონ პროვინციასთან ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობაში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისივე თქმით, ქართული დელეგაციის წევრებმა მასპინძელ მხარეს შესთავაზეს იდეა, რომ მოხდეს ჰანგჯოუს დაძმობილება საქართველოს ერთ-ერთ ქალაქთან.

„ეს იდეა საკმაოდ დიდი ენთუზიაზმით იქნა მიღებული და უახლოეს მომავალში ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჰანგჯოუ დაძმობილდება ერთ-ერთ ქართულ ქალაქთან. რაც შეეხება დღის სხვა მოვლენებს, ჩვენ გვქონდა ვიზიტები სხვადასხვა ინოვაციურ კომპანიაში. გვქონდა ვიზიტი „რობოტიკში“, რომელიც არის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელი რობოტებისა, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ხანძრებთან ბრძოლის სფეროში, ასევე საპოლიციო საქმიანობაში. ასევე, გვქონდა ვიზიტი ხელოვნური ინტელექტის ქალაქში, რომელშიც განლაგებულია სხვადასხვა პატარა სტარტაპ კომპანია, რომლებიც მუშაობენ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. გვაჩვენეს იქ წარმოებული პროდუქცია“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს დელეგაცია ასევე სტუმრობდა ქალაქის ერთ-ერთ რაიონს.

„ადგილობრივმა მერმა მოგვიყვა, თუ როგორ ურთიერთობს ადგილობრივი მერია მოსახლეობასთან, რა სოციალური პროგრამები აქვთ, ასევე რა თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებენ ისინი ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობისთვის, მათ შორის როგორც სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრული და პენსიონერი მოსახლეობისთვის. მოკლედ, ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დღე იყო.

აღსანიშნავია, რომ პირველად ვსტუმრობთ ჭეძიანგის პროვინციას, რომელიც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პროვინცია ჩინეთში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივაც ვნახოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც ამ პროვინციას გააჩნია და სამომავლოდ ვითანამშრომლოთ ამ პროვინციასთან“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მსგავსი