პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში იტალიის ელჩს მოუსმინეს
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დღეს საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს, ენრიკო ვალვოს მოუსმინეს. ელჩმა გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველომ რეფორმების პროცესი უნდა განაგრძოს.
ასევე, ელჩმა კომიტეტზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპული და ტრანსატლანტიკური ალიანსი უნდა გაერთიანდეს მშვიდობის აღსადგენად.
„მინდა მოვუწოდო საქართველოს, რომ გააგრძელოს რეფორმები, როგორც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებისთვის. საგარეო პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანი საკითხი არის მრავალმხრივობის გაძლიერება. ეს უნდა მოხდეს გაზიარებულ წესებზე, გლობალურ დღის წესრიგზე, მდგრადობასა და ინკლუზიურობაზე დაფუძნებით. გაერო არის ჩვენი მრავალმხრივი ხედვის ნაწილი, რომელიც უნდა გახდეს უფრო მეტად ეფექტური, გამჭვირვალე, დემოკრატიული და წარმომადგენლობითი. ამიტომაც, ჩვენ მხარს ვუჭერთ რეფორმების დღის წესრიგს, რომელსაც მხარს უჭერს გაერო-ს გენერალური მდივანი. ეს არის დიდი ვალდებულება ჩვენი მხრიდან, როგორც მეთერთმეტე გლობალური ძალა, იტალია არის ასევე პირველი კონტრიბუტორი დასავლურ ქვეყნებს შორის და ჩვენ მნიშვნელოვანი წარმომადგენლობა გვაქვს არამდგრად რეგიონებში. შავი ზღვის რეგიონს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს არის მასშტაბური საომარი მოქმედებები ჩვენს რეგიონში, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს მშვიდობას, ენერგოუსაფრთხოებას და ასევე აყენებს ჰუმანიტარული კატასტროფის რისკს, რომელიც ყველაზე დიდი იქნება მეორე მსოფლიო ომის შემდგომ.
ევროპული და ტრანსატლანტიკური ალიანსი უნდა გაერთიანდეს მშვიდობის აღსადგენად. თავისთავად, ეს ალიანსი ამას გეგმავს თავის პარტნიორებთან ერთად. ჩვენ ვაგრძელებთ მათ შორის თავდაცვითი აღსრულების უზრუნველყოფით უკრაინის მხარდაჭერას, ასევე ვაგრძელებთ იმ სანქციების დაწესებას, რომელიც ეკონომიკურ ზიანს აყენებს რუსეთს და უბიძგებს ომის შეჩერებისკენ. ასევე გარდა გადაუდებელი დახმარებისა, ჩვენ გამოვაცხადეთ 200-მილიონიანი სესხის გაცემის საკითხი უკრაინისთვის. დაახლოებით, 300 მილიონზე მეტის ჰუმანიტარული დახმარებაც იქნება უზრუნველყოფილი. დაახლოებით, 120 ათასზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო ჩვენმა ქვეყანამ, მაგრამ აქვე მიგვაჩნია, რომ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი საიმისოდ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგეს. გვესმის, რომ პირობები შეიძლება არ არის ხელშემწყობი ამის მისაღებად, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს, რაც შეიძლება მალე. უნდა შეწყდეს ეს დაძაბულობა, რომ აღდგეს უკრაინის სუვერენიტეტი. ამიტომაც, ჩვენი მიზანია, დავიტოვოთ ღია კომუნიკაციის ყველა არხები მხარეებთან. ერთი რამ ცხადია, ეს იქნება უკრაინელებზე დამოკიდებული, თუ მშვიდობის რა პირობებს დასთანხმდებიან ისინი. ჩვენ მხარში ვუდგავართ უკრაინას და გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას ომის დამთავრების შემდეგაც. ამ კონტექსტში ასევე ჩვენთვის ცნობილი არის საქართველოს წვლილი, ისევე როგორც საქართველოს მთავრობის რწმუნება, რომ საქართველო არ იქნება არასწორად გამოყენებული სანქციების თავიდან ასარიდებლად. ასევე მაღალ ღირებულებას ვანიჭებთ საქართველოს, ქართველი ხალხის მიერ უზრუნველყოფილ ჰუმანიტარულ დახმარებას. თუ აღმოსავლეთით გავიხედავთ, ვხედავთ რეგიონალური ჩართულობის გაფართოებას, რომელიც გამოაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც მიმართული არის საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობის გაფართოებისკენ. ეს არის საკითხი,რომელიც მნიშვნელოვანია, რომელიც მიმართული არის ამ სამი ქვეყნის საერთო ინტერესისკენ, ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერებისკენ, ისევე როგორც საქართველოს როლის გაძლიერებისკენ. ერთ-ერთი ნათელი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, თუ რა როლს თამაშობს საქართველო ენერგოდივერსიფიკაციის თვალსაზრისით. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ჩვენი ძალისხმევა რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად, მათ შორის აზერბაიჯანის გაზის მიწოდების ხელშეწყობა ჩვენი ქვეყნისთვის, საბერძნეთისთვის თუ სხვა ქვეყნებისთვის“, – განაცხადა ვალვომ.