პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს. კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჰააგაში მიმდინარე საქართველო-რუსეთის დავასთან დაკავშირებით პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანისა და იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მისვლა მოითხოვა.

დეპუტატის თქმით, კომიტეტის სხდომა ის ფორმატია, სადაც მინისტრები უნდა გამოცხადდნენ და კითხვებს პასუხი გასცენ.

„თქვენი სამშობლო რუსეთია და მას ემსახურებით. დავით ზალკალიანი საგარეო უწყებას თვალცრემლიანი რომ გამოემშვიდობა და თქვა, რუსეთის ინტერესებზე ვერ ვიმუშავებო, მოვიდეს და გაგვცეს პასუხი, რა ხდება ჰააგაში”, – აღნიშნა სამადაშვილმა, რომელსაც უმრავლესობის ლიდერი გამოეხმაურა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველოს მხარეს არის სიმართლე და ეს მსოფლიომ უნდა დაინახოს.

„თუ მინისტრი იქნება მოწვეული, მყარი პოზიციები გვაქვს და მოისმენთ. ჯარისკაცებისა და ჰააგის თემას პარტიული ინტერესებისთვის იყენებთ. კომიტეტში მინისტრების მოსვლა პრობლემა არ არის”, – მიმართა სამადაშვილს თალაკვაძემ.

მინისტრების საკანონმდებლო ორგანოში მისვლა უმცირესობის წევრმა გიგა ბოკერიამაც მოითხოვა, რის შემდეგაც მასსა და უმრავლესობის წევრებს შორის კამათი დაიწყო.

კომიტეტის თავმჯდომარის სოფო ქაცარავას განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრი მიმდინარე კვირაში საქართველოში არ არის და მას შემდეგ, რაც ის ქვეყანაში დაბრუნდება, კონსულტაცია გაიმართება უწყებაში მისი მოსვლის თაობაზე.