ირაკლი კობახიძე - ყველა დეპუტატი უნდა გაუფრთხილდეს პარლამენტის პრესტიჟს, როცა ასე არ ხდება, არის სამწუხარო მოვლენა
ირაკლი კობახიძე - ყველა დეპუტატი უნდა გაუფრთხილდეს პარლამენტის პრესტიჟს, როცა ასე არ ხდება, არის სამწუხარო მოვლენა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დეპუტატებს შორის მომხდარი კონფლიქტი შეაფასა, კერძოდ, ეკა ბესელიას მიერ ანრი ოხანაშვილის „პატარა კაცუნად“ მოხსენიება.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებები პარლამენტის პრესტიჟს ზიანს აყენებს და დეპუტატებს ეთიკის ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს.

„ასეთი განცხადებები არ ადგება პარლამენტის პრესტიჟს. ყველა დეპუტატი უნდა გაუფრთხილდეს პარლამენტის პრესტიჟს. როცა ასე არ ხდება, არის სამწუხარო მოვლენა. ჩემი მოწოდება ყველა დეპუტატის მიმართ არის, რომ დაიცვან ეთიკის ელემენტარული წესები. ეს მოეთხოვება ყველა ადამიანს და რა თქმა უნდა, მოეთხოვება პარლამენტის წევრს, რომლის საქმიანობასაც აკვირდება თითოეული მოქალაქე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების გაწვევაზე მსჯელობდნენ, ხმაური იყო. შეხვედრას ესწრებოდა მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა შავგულიძეც. სხდომაზე პროცედურულ საკითხებზე ანრი ოხანაშვილმა და ეკა ბესელიამ იკამათეს.