პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია აშშ-ის „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ წარმომადგენლებს შეხვდა
აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, აშშ-ის „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) პრეზიდენტს, დეიმონ ვილსონს და ფონდის თავმჯდომარეს, კენეტ ვოლაკს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, აშშ-საქართველოს ურთიერთობები, საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო გარემო და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.
მათივე ცნობით, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე და ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების მნიშვნელობაზე.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი.