პარლამენტის საგარეო კომიტეტის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფი ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფი დღეს ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.
ანგარიშში მთავარი საკითხი ანტიდასავლური კამპანია იქნება. ავტორების ინფორმაციით, ანგარიშის მიხედვით, ანტიდასავლური კამპანია საქართველოში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.
დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფი საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას ანტიდასავლურ კამპანიასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს შესთავაზებს.
„ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ანტიდასავლური კამპანია და ანტიდასავლური დეზინფორმაცია ქვეყანაში გაზრდილია და ეს ყოველდღიურად გამოიხატება სხვადასხვა სუბიექტების განცხადებებში, მოქმედებებში, აქციებში, ამიტომ ანგარიშის ერთ-ერთი მთავარი საკითხიც სწორედ ეს იყო – გამოგვევლინა, როგორ მუშაობს დეზინფორმაცია ქვეყანაში და როგორი შეიძლება იყოს სახელმწიფოს რეაგირების მექანიზმები. დღეს, სამწუხაროდ, სახელმწიფოს პოლიტიკა არ აქვს ამასთან დაკავშირებით და პოლიტიკის არარსებობა სწორედ დეზინფორმაციის უფრო მეტად გაძლიერებას უწყობს ხელს. ჩვენი ანგარიშის მთავარი რეკომენდაციები მთავრობისთვისაა განკუთვნილი, რომელიც მოიცავს როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი ღონისძიებების გატარებას. უპირველესად, უნდა მოვემზადოთ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. მთავრობისთვის მთავარი რეკომენდაციაა, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს უწყება, რომელიც შეიმუშავებს ანტიდეზინფორმაციულ და ანტიპროპაგანდისტულ პოლიტიკას და რომელსაც ექნება კონკრეტული ხედვა – როგორც წინასაარჩევნო, ასევე შემდგომ გრძელვადიან პერსპექტივაში როგორ გააგრძელოს მუშაობა“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.