პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ დასკვნა შესაძლოა, აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში გამოაქვეყნოს 
პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ დასკვნა შესაძლოა, აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში გამოაქვეყნოს 

დროებითი საგამოძიებო საპარლამენტო კომისია ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების ფარგლებში გამოკითხვების დასრულებას ივლისის ბოლოს გეგმავს, დასკვნის გამოქვეყნებას კი, აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში.

პირველ არხთან საუბარში კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც კომისიის დასკვნა გამოქვეყნდება, ის რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს გადაეგზავნება, მათ შორის მთავარ პროკურატურას.

„გამოკითხვებს ივლისის ბოლოს, მაქსიმუმ აგვისტოს დასაწყისში მოვრჩებით. მას შემდეგ, რაც გამოკითხვები და საქმის შესწავლა მორჩება, რამდენიმე კვირა გვექნება, რათა საბოლოო დასკვნა გამოქვეყნდეს და ჯგუფის შიგნით შეთანხმებული იყოს. იმისთვის, რომ არსებულ პრობლემებზე რეაგირება ბოლომდე მოხდეს მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი მთავარი პროკურორის არსებობაა. სწორედ ამიტომ ვითხოვდით, ისეთი მთავარი პროკურორი ყოფილიყო არჩეული, რომელიც ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანდა. ეს შალვა თადუმაძის შემთხვევაში რამდენად მოხდება, დარწმუნებული არ ვარ. თადუმაძე ამ ხელისუფლების ნაწილია და ისიც არსებული სისტემის დამცველი იქნება, როგორც სხვა ადამიანი იყო. თუ პროკურატურა ამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანს, მას პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს. შალვა თადუმაძისთვის ერთ-ერთი ტესტი, ეს საქმე იქნება“, – დასძინა კაპანაძემ.

პარლამენტმა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობას მხარი მიმდინარე წლის 31 მაისს დაუჭირა. კომისიას საქმიანობისთვის სამთვიანი ვადა აქვს, თუმცა კომისიას უფლებამოსილება შეიძლება თითო-თითო თვით სამჯერ გაუხანგძლივდეს.