პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამივე კანდიდატს მხარი დაუჭირეს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამივე კანდიდატს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს. გიზო უბილავას, ბადრი შონიას და გოჩა ჯეირანაშვილის კანდიდატურებს განხილვის გარეშე უყარეს კენჭი.
გიზო უბილავას მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა და უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგება.
ბადრი შონიას და გოჩა ჯეირანაშვილს მხარი დაუჭირა 78-მა დეპუტატმა, ისინი უფლებამოსილების შესრულებას 18 ოქტომბრიდან შეუდგებიან.
მოსამართლეობის კანდიდატურებისთვის სესიაზე განხილვის გარეშე კენჭისყრის შესახებ გადაწყვეტილება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიიღეს, სადაც მოსამართლეობის კანდიდატებს 20 ივნისს მოუსმინეს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტს თავდაპირველად ის დაიკავებს, ვისი არჩევაც ანბანური თანმიმდევრობით პირველად მოხდა. შემდეგი კანდიდატები კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შესრულებას სასამართლოში ადგილის გათავისუფლების შემდეგ, 2024 წლის 18 ოქტომბრიდან შეუდგებიან.