პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოსწავლეების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე იმსჯელებენ
სასკოლო ღონისძიებებზე მოსწავლეების ტრანსპორტირების საკითხზე მომზადებული კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს მთავარი განსახილველი საკითხი იქნება. საკანონმდებლო წინადადების თანახმად, ექსკურსიის დროს მძღოლებს მოსწავლეების გადაადგილების უფლება იმ შემთხვევაში ექნებათ, თუ ისინი გარკვეული ტიპის დოკუმენტაციას წარადგენენ.
„ჩვენ განვიხილავთ კანონპროექტებს, რომელიც იყო დარჩენილი წინა სასესიო კვირაში და არის ასევე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები. კერძოდ, კანონპროექტთა პაკეტია, რომელიც აწესრიგებს ბავშვების ტრანსპორტირებისას გადაადგილების რეგულაციებს. კონკრეტულად, მძღოლებს ექნებათ ვალდებულება, გარკვეული ტიპის ტექნიკური მახასიათებელი დოკუმენტაცია ჰქონდეთ, რათა მოახდინონ ბავშვების ტრანსპორტირება. ასევე, არის მედიაციის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით, პროფესიული განათლების შესახებ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს მთავრობაზე უფლებამოსილების გადაცემას იმ შემთხვევაში, თუ კანონით გათვალისწინებული უფლების მიღება სურს ამა თუ იმ ორგანიზაციას და ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ მთავრობამ კანონით გათვალისწინებული წესით დააწესოს გარკვეული ტიპის გადასახადები“, – განაცხადა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
მოსწავლეების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს გუშინ წარედგინა. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მოამზადეს. ცვლილებების თანახმად, სასკოლო ღონისძიებაზე მძღოლის მიერ მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესების დარღვევაზე ფულადი ჯარიმები წესდება.
მიმდინარე სასესიო კვირაში, პარლამენტის ახალი რეგლამენტის შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს ინტერპელაციის წესით საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ეწვევიან.