საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა ნაწილი რჩება.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას და პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებდნენ.
ვითარება რუსთაველის გამზირზე რამდენჯერმე დაიძაბა.
აქციის მსვლელობისას სამართალდამცველებმა მონაწილეებს რამდენჯერმე მოუწოდეს დაშლისკენ.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილთა ნაწილი ქვებსა და სხვადასხვა საგანს ისროდა. სამართალდამცველებმა მათ მიმართ წყლის ჭავლი გამოიყენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა უწყების თანამშრომლების წინააღმდეგ გამოიყენეს სხვადასხვა საგანი, მათ შორის აალებადი საშუალებები. შსს-ს ცნობით, აქციის მიმდინარეობისას დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე სამართალდამცველები.
აქციის მონაწილეთა ნაწილი პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა.
რუსთაველის გამზირზე რჩებიან სამართალდამცველები.