პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა ცხარე კამათის ფონზე გაიხსნა [ვიდეო]

საქართველოს პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა ცხარე კამათის ფონზე გაიხსნა.

სხდომის გახსნისას ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა გოგორიშვილმა ის ფაქტი გააპროტესტა, რომ სხდომა ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო.

„ერთი საათია სხდომის დაწყებას ველოდებით, ილუზიას ნუ ქმნით, რომ თქვენ მუშაობთ და ჩვენ, ვინც აქ ვსხედვართ, ყველანი უსაქმურები ვართ. კოლეგების მიმართ ასეთი დამოკიდებულება არ შეიძლება გქონდეთ”, – მიმართა გოგორიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს.

გოგორიშვილის საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ სხდომის დაგვიანებით დაწყების მიზეზი ის შეხვედრა იყო, სადაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებსა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტზე იყო მსჯელობა, რომელსაც დღეს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავენ.

ამასთან, სხდომის დაგვიანებით დაწყების გამო „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები ადა მარშანია და ემზარ კვიციანი, პროტესტის ნიშნად, მაგიდაზე ხელებს აბრახუნებდნენ.