პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის 2019 და 2020 წლების ანგარიშები მოისმინა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 და 2020 წლების საქმიანობის ანგარიში მოისმინა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალურად ისაუბრა.
მისი თქმით, „პანდემიით გამოწვეულმა რეალობამ მთელი მსოფლიო დისტანციური ცხოვრების რეჟიმზე გადაიყვანა, რა დროსაც სატელეკომუნიკაციო სფეროს სტრატეგიული მნიშვნელობა და საჭიროება კიდევ უფრო ნათელი გახდა. შესაბამისად, გაჩნდა ახალი გამოწვევები და ტექნოლოგიების კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარების საჭიროება. უნდა ითქვას, რომ კრიზისულ სიტუაციას ქართულმა სატელეკომუნიკაციო სექტორმა წარმატებით უპასუხა“, -განაცხადა კახა ბექაურმა.
მან ანგარიშების წარდგენისას ყურადღება გაამახვილა კომისიის სტრუქტურასა და ბიუჯეტზე, ისაუბრა საკანონმდებლო ცვლილებებზე და ხაზი გაუსვა პარლამენტის მიერ 2020 წელს მიღებულ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს გაუჩნდა ქმედითი ინსტრუმენტი და დამატებითი უფლებამოსილება, რომ დაიცვას კრიტიკული ინფრასტრუქტურა და მომხმარებლის ინტერესები.
სატარიფო პოლიტიკაზე საუბრისას მომხსენებელმა განაცხადა, რომ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება უზრუნველყოფს, რომ კომპანიებმა მომხმარებლებს არაგონივრულად მაღალი ფასები ვერ დაუწესონ, ასევე შეინარჩუნონ უკვე არსებული, ხელმისაწვდომი პირობები.
მან ისაუბრა ელექტრონული კომუნიკაციების დარგის განვითარების ტენდენციებზე; ყურადღება გაამახვილა მომხმარებელთა საჩივრების სტატისტიკაზე და მათზე რეაგირების თაობაზე; მედიაწიგნიერების განვითარების პროცესზე; კომისიის მიერ მიღებულ დადგენილებებსა და განხილულ დავებზე.
სხდომას ესწრებოდნენ საკომუნიკაციო კომპანიების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. მომხსენებელმა უპასუხა დეპუტატების და დამსწრე პირთა შეკითხვებს, საკითხის ამოწურვის შემდეგ კომიტეტმა კენჭი უყარა, რომ ანგარიში წარედგინოს პარლამენტს პლენარულ სხდომას. კომიტეტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გაეგზავნება მარეგულირებელ კომისიას.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.