პარლამენტის ბიუროს მთავრობის მიერ მომზადებული „ენერგოეფექტურობის შესახებ“ კანონპროექტი წარედგინება
საქართველოს მთავრობამ „ენერგოეფექტურობის შესახებ“ კანონპროექტი მოამზადა, რომელიც პარლამენტს ინიცირებისთვის დღეს, ბიუროს სხდომაზე წარედგინება.
მთავრობა განმარტავს, რომ ცვლილებებით მოხდება – ქვეყანაში ენერგორესურსების მზარდი მოთხოვნის დარეგულირება; ენერგიაზე მოთხოვნის ეკონომიკურად და ეკოლოგიურად მიზანშეწონილი მართვის პრაქტიკის დანერგვა; ენერგორესურსების იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდა, რაც ასევე უზრუნველყოფს ქვეყნიდან გასული ვალუტის შემცირებას.
„კანონპროექტის მთავარი მიზანია, ენერგიაზე მზარდი მოთხოვნის ტენდენციის მართვა, მისი ე.წ. რეგულირება ენერგიის დაზოგვის სამიზნე მაჩვენებლის განსაზღვრით და ასევე საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა იმ ღონისძიებების განხორციელებისთვის, რომელთა დანერგვაც უზრუნველყოფს დადგენილი სამიზნე მაჩვენებლების მიღწევას/შესრულებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ენერგოეფექტურობის პოლიტიკის განხორციელების მთავარ მექანიზმს წარმოადგენს ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც თავისი არსით არის იმ ენერგოეფექტურ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა დანერგვა/გატარება უზრუნველყოფს ენერგოეფექტურობის სამიზნე მაჩვენებლების შესრულებას კონკრეტული პერიოდისთვის. მაგალითად, კონკრეტული ღონისძიებების გატარებით შესაძლებელია 2020 წლისთვის ენერგიის გარკვეული რაოდენობის დაზოგვა, როგორც ენერგიის პირველადი წყაროს სახით, ასევე, საბოლოო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ენერგიის სახით. ენერგოეფექტურობის პოტენციალის შეფასების მიხედვით, გარკვეული ღონისძიებების გატარების შედეგად შესაძლებელია, 2020-2021 წლისთვის დაიზოგოს დაახლოებით 5 455 გიგა ვტ.სთ პირველადი ენერგიის წყარო (რესურსი) და დაახლოებით 2 588 გიგა ვტ.სთ. საბოლოო ენერგია“, – განმარტავს მთავრობა.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ახალი ფუნქციების შესრულებისთვის სამინისტროში ენერგოეფექტურობის პოლიტიკის სამმართველო შეიქმნა, რომლის თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობა 66 000 ლარს შეადგენს.