ილჰამ ალიევი - არსებულ გეოპოლიტიკურ პირობებში შუა დერეფნის მნიშვნელობა სულ უფრო მზარდია, კასპიის ზღვით ტვირთების მოცულობა ყოველწლიურად იზრდება
ილჰამ ალიევი - არსებულ გეოპოლიტიკურ პირობებში შუა დერეფნის მნიშვნელობა სულ უფრო მზარდია, კასპიის ზღვით ტვირთების მოცულობა ყოველწლიურად იზრდება

აზერბაიჯანიდან თურქეთში ბუნებრივი აირის ექსპორტი ყოველწლიურად იზრდება და მომავალშიც გაიზრდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში ვიზიტით მყოფ თურქეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ილჰამ ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ პარალელურად ზრდას განაგრძობს თურქეთის გავლით ევროპულ ქვეყნებში აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი, რაზეც დიდი მოთხოვნაა.

გარდა ამისა, აზერბაიჯანის ლიდერის განცხადებით, არსებულ გეოპოლიტიკურ პირობებში შუა დერეფნის მნიშვნელობა სულ უფრო მზარდია. მისი თქმით, აზერბაიჯანის გავლით კასპიის ზღვით ტვირთების მოცულობა ყოველწლიურად იზრდება. როგორც ალიევმა აღნიშნა, სწორედ ამიტომ აზერბაიჯანში ფართოვდება სატრანსპორტო-ლოგისტიკური შესაძლებლობები.

„ჩვენ ვაფართოებთ ბაქოს საზღვაო პორტის შესაძლებლობებს 25 მილიონ ტონამდე. რკინიგზა, გემთმშენებელი ქარხანა და სხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ყველაზე თანამედროვე დონეზე გადადის“, – განაცხადა ალიევმა.

ილჰამ ალიევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დღეს შეხვედრა ჯერ – ორმხრივ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში გამართეს. მოგვიანებით კი მონაწილეობა მიიღეს სამხედრო-საჰაერო ძალების ახალი ცენტრალური სამეთაურო პუნქტის გახსნაში.