საქართველოს პარლამენტი საქმიანობას ოფიციალურად მომავალი კვირიდან განაახლებს. დეპუტატები საგაზაფხულო სესიას 6 თებერვალს ბიუროს სხდომით გახსნიან, ხოლო 7 თებერვლიდან პლენარული სხდომები გაიმართება.
სასესიო კვირის დღის წესრიგი ამ ეტაპზე არ კონკრეტდება, თუმცა კანონმდებლებს თებერვალში მსჯელობა „მაუწყებლობის შესახებ“ პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებულ საკანონმდებლო პაკეტზე მოუწევთ.
აღნიშნული საკითხის გარდა, საკანონმდებლო ორგანოს საგაზაფხულო სესიაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაც მოუწევს, რომელთა შორისაა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი, სასამართლო რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღა, რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები და ა.შ.
რეგლამენტის გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება. პარლამენტმა საშემოდგომო სესიის ფორმატში მუშაობა გასული წლის დეკემბრის ბოლოს დაასრულა და დეპუტატები იანვარში ოფიციალურად შვებულებაში იმყოფებიან, თუმცა საპარლამენტო კომიტეტები უკვე მუშაობენ და რამდენიმე სხდომაც ჩატარდა.