პარკებისა და სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია 251 მისამართზე განხორციელდა
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 251 მისამართზე პარკებისა და სკვერების მოწყობა – რეაბილიტაცია განხორციელდა, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 11 932 894 ლარი დაიხარჯა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, მოეწყო ოთხი დიდი პარკი. კერძოდ, გოძიაშვილის, გლდანში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირსა და წურწუმიას ქუჩებზე მდებარე პარკები. დიდი პარკების რეაბილიტაცია მომავალ წელსაც განხორციელდება.
„ეს, საკმარისი არ არის და ამ მიმართულებით, სამუშაო ბევრი გვაქვს. ყველაზე მეტად, რაც დღეს დედაქალაქს სჭირდება, მწვანე სივრცეები, პარკები და სკვერებია. მომავალ წელს ვაპირებთ კიკვიძის, ასევე, ვაკისა და ვერის პარკების რეაბილიტაციას. ეს ის დიდი პარკებია, რომლებიც ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც თბილისის მერის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენისას აღინიშნა, ამ დროის განმავლობაში, 349 მისამართზე სპორტული, საბავშვო-გასართობი მოედნები და ფიტნეს ზონები მოეწყო, ამისთვის კი, ბიუჯეტიდან 7 345 293 ლარი დაიხარჯა.
კახა კალაძის განცხადებით, მოსახლეობის სურვილის შესაბამისად, აღებულია 224 ავტოფარეხი. მათ ადგილას კი, სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
„ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ავტოფარეხების აღება დავიწყეთ. მოსახლეობას სურს, მათ ადგილას სპორტული მოედანი ან პატარა სკვერი მოეწყოს. იმ შემთხვევაში, თუ ორივეს გაკეთება შესაძლებელია, ორივე პროექტის განხორციელებას შევძლებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმოხილვისას თბილისის მერმა აღნიშნა, რომ შემუშავდა მუნიციპალური ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, რომლის ფარგლებში, ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნების განთავსება დაიწყო.
„დაიწყო ნარჩენების სეპარირების ურნების განთავსება. თითოეული ნარჩენი მეორად პროდუქტად გარდაიქმნება. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ვიმუშავეთ – სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები გვეხმარებიან, გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯებიც. საპილოტე პროექტის განხორციელებას ორბელიანისა და გუდიაშვილს მოედანზეც ვაპირებთ, სადაც სეპარირების ახალი, თანამედროვე ტიპის ურნები განთავსდება, როგორც სხვადასხვა ევროპულ განვითარებულ ქვეყანაშია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენისას დედაქალაქის მერმა, თბილისის ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, ამჟამად, ბოტანიკურ ბაღში სათავგადასავლო ველობილიკის მოწყობა მიმდინარეობს ბაღის ცენტრალური ტურისტული ბილიკიდან ოქროყანის მიმართულებით წავკისის წყლის სათავეებთან.
„ეს იქნება კიდევ ერთი დამატებითი სივრცე, სადაც მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ შესანიშნავ გარემოში ველოსიპედით გაისეირნონ. ასევე, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები. აღნიშნული პროექტი ქალაქისთვის საჩუქარია, რომელსაც ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. ამისთვის მინდა, მათ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. პროექტის ფარგლებში, ბოტანიკური ბაღის საზღვრები 17 ჰექტარით გაიზარდა და მისი სრული ფართობი – 115 ჰექტარია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის 10-ვე რაიონში გამწვანებისა და მცენარეთა მოვლა-პატრონობის სამუშაოები 4 318 მისამართზე განხორციელდა, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 611 894 ლარი დაიხარჯა.