პარიზში ყვითელჟილეტიანების დემონსტრაცია კვლავ შეტაკებაში გადაიზარდა
პარიზში ყვითელჟილეტიანების დემონსტრაცია კვლავ შეტაკებაში გადაიზარდა

პარიზში ყვითელჟილეტიანების 2019 წლის პირველი დემონსტრაცია კვლავ შეტაკებაში გადაიზარდა.

საფრანგეთის დედაქალაქში მოძრაობის რამდენიმე ასეული წევრი შეიკრიბა. პარიზის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარე აქციაზე მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ დემონსტრანტებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რასაც აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. არეულობის გასანეიტრალებლად პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა.

ყვითელჟილეტიანების დემონსტრაციები საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართა, თუმცა აქციებზე მხოლოდ რამდენიმე ათეული პირი გამოვიდა. დემონსტრანტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადადგომა იყო.

მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქციები საფრანგეთში ნოემბერში დაიწყო. თავდაპირველად აქტივისტები საწვავის ფასების გაზრდას აპროტესტებდნენ. მოგვიანებით კი მათი მოთხოვნები გაიზარდა.