საფრანგეთში, ისევე, როგორც ნოემბრის შუა რიცხვებიდან ყოველ უქმეებზე, ამ შაბათ-კვირასაც ყვითელჟილეტიანების აქციებია დაგეგმილი.
ჯერ უცნობია, რომელ ქუჩაზე ჩატარდება დღევანდელი აქცია. ყვითელჟილეტიანები აცხადებენ, რომ ზუსტ ინფორმაციას უსაფრთხოების მიზნით არ ახმაურებენ.
ცნობილია, რომ ხელისუფლება აქციისთვის პოლიციის გარდა, სამხედროების მობილიზებასაც გეგმავს.
აქციამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ ერთ-ერთ ლიდერს, მაქსიმ ნიკოლს ესაუბრა, რომელმაც ინტერვიუში განაცხადა, რომ საფრანგეთის ხელისუფლება სამხედროების გამოყვანის გადაწყვეტილებით, ხალხს ჯარს და პოლიციას უპირისპირებს.
პენსიებისა და ხელფასების ზრდის და საგადასახადო პოლიტიკის შეცვლის მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე, მოძრაობის წევრები აქციების შეწყვეტას არ აპირებენ.
საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი პარიზში იმყოფება და აქციას ოპერატიულად გააშუქებს.