ყვითელჟილეტიანების მიზანი და სტრატეგია - ექსკლუზიური ინტერვიუ მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერთან [ვიდეო]

საფრანგეთში, ისევე, როგორც ნოემბრის შუა რიცხვებიდან ყოველ უქმეებზე, ამ შაბათ-კვირასაც ყვითელჟილეტიანების აქციები იგეგმება. საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი პარიზში იმყოფება და დაგეგმილ აქციას გააშუქებს. იქამდე კი, საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ ერთ-ერთ ლიდერს, მაქსიმ ნიკოლს ესაუბრა.

რატომ და როგორ შეიქმნა ყვითელჟილეტიანების მოძრაობა, რა არის თქვენი მიზანი?

– 2018 წლის ოქტომბერში გადავწყვიტე, ორგანიზება გამეკეთებინა სოციალურ ქსელში და მთავრობის ქმედებები გაგვეპროტესტებინა. სოციალურ ქსელში ამ იდეის ბევრი მომხრე გამოჩნდა და ამის შემდეგ გავედით ქუჩაში. ჩვენი მიზანია, შეიცვალოს საფრანგეთის ხელისუფლების არასწორი და ზერელე დამოკიდებულება ხალხთან მიმართებით, რომელიც გრძელდება წლებია. საფრანგეთის მთავრობას არ აინტერესებს ფრანგი ხალხის ცხოვრების პირობები და მათი უფლებების დაცვა. არიან მდიდარი ადამიანები, რომლებსაც თავიანთი საწარმოები აქვთ, მაგრამ თავის სიმდიდრეს ხალხს არ უზიარებენ და ის ადამიანები გადასახადებს არ იხდიან. ამასთან ერთად, არის ხალხი, რომელიც შედარებით დაბალი ფენის საზოგადოებაა და ისინი ყველა გადასახადს იხდიან, ანუ მდიდარი ხალხი პრივილეგიებით სარგებლობს და მათთვის მეტი შეღავათი არსებობს, როცა მშრომელი ხალხისთვის არანაირი შეღავათი არ არსებობს.

ამ დროისთვის, რა არის თქვენი მოთხოვნები?

– საფრანგეთში 9 მილიონამდე ადამიანი სიღარიბეში ცხოვრობს, ყოველ წელს 10 000-დან 15 000-მდე ადამიანი თავს იკლავს სიღარიბის გამო ან იღუპება, ხელფასის მომატებაა ხალხისთვის აუცილებელი. ფრანგი ხალხი მუშაობს, მაგრამ სათანადო ანაზღაურება არ აქვთ, მაცივრები ისევ ცარიელია. ჩვენ გვინდა, რომ მთავრობა იყოს ხალხთან ახლოს და უსმენდეს. გვინდა, რომ პენსია გაიზარდოს. ეს მოთხოვნები უკვე 18 კვირაა გვაქვს და მთავრობა კი არ გვისმენს, პირიქით ჩვენს წინააღმდეგ პოლიცია გამოჰყავს. ახლა კიდევ ჯარის გამოყვანა გადაწყვიტეს ხალხის წინააღმდეგ, ხალხს ჯარს და პოლიციას უპირისპირებს ხელისუფლება.

რატომ გადახვედით რადიკალურ ქმედებებზე?

– პირადად არაფერი დამიზიანებია. ჩემი სტილი არ არის შენობებზე თავდასხმა. როდესაც მე ვაპროტესტებ, ჩემი მიზანი არ არის, სამართალდამცველს შევეხო ხელით ან რამე გავტეხო და დავაზიანო. რატომ წავიდა ეს პროცესი რადიკალურად? არის ხალხის ნაწილი, რომელიც სიმშვიდის მომხრეა და არის ნაწილი, რომელიც აზიანებს შენობებს, აგრესიულია. ასევეა სამართალდამცავ უწყებებშიც. ნაწილი ჰუმანურად გვექცევა, პოლიციელების ნაწილი კი დემონსტრანტებს აზიანებს. ამ აგრესიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 22-მა ადამიანმა თვალი დაკარგა, ოცმა – ხელი, 700-მდე ადამიანი მძიმედ დაშავდა და 2 000-მდე ადამიანმა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო. აქციის მონაწილეებს შორის არის ხალხი, რომელიც ხედავს სამართალდამცველების მხრიდან ამ აგრესიას. როდესაც ხედავენ, რომ დემონსტრანტებს პოლიციელები ფიზიკურად უსწორდებიან, იყო შემთხვევები, რომ ქალებს სცემდნენ, ეს ხალხიც აგრესიულ ქმედებებზე გადადის.

როდის და როგორ შეიძლება, რომ მიზანს მიაღწიოთ?

– უკვე 18 კვირაა, რაც აქციებს ვმართავთ და სახელმწიფო ჩვენ ტყვიებს გვესვრის, გაზის ცრემლსადენი ყელყუმბარები და ტექნიკა, რომელსაც სახელმწიფო ჩვენს წინააღმდეგ იყენებს, საომარი მოქმედებების დროს გამოიყენება. ესენი ადამიანისთვის სასიკვდილოა. ძალიან ბევრი ადამიანია დაშავებული და ძალიან ბევრს ისეთი ტრავმები აქვს მიყენებული, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიზანს მანიფესტაციებითა და მთავრობაზე ზეწოლის გაგრძელებით მივაღწევთ. ჩვენი ქმედებები გლობალური გახდება, მთელი მსოფლიო უნდა დაგვეხმაროს. არიან ქვეყნები, რომლებიც უკვე დაგვეხმარნენ, ისინი ამახვილებენ ყურადღებას ჩვენზე. ვფიქრობთ, რომ მთავრობა ამას უყურადღებოდ არ დატოვებს და იმედი გვაქვს, რომ სწორ ნაბიჯებს გადადგამს.

ყვითელჟილეტიანების ნაწილს სურს პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბება და ევროპარლამენტში შესვლა, ემხრობით თუ არა მათ ინიციატივას?

– გვსურს, რომ დემოკრატიული გადაწყვეტილებები მივიღოთ. ჩვენთან ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება. დიახ, ნაწილს სურს ევროპულ პარლამენტში შესვლა. არის ბევრი მონაწილე, ვინც ფიქრობს, რომ თუ ჩვენი ნაწილი შევა ევროპარლამენტში, ჩვენც ისეთივე ადამიანები გავხდებით, ვინც დღეს პოლიტიკაში და მთავრობაშია. უმრავლესობა ვფიქრობთ, რომ მთავარია, ადამიანი იყო და მხოლოდ ფინანსურ მხარეზე არ უნდა იფიქრო.

ვინ არის მაქსიმ ნიკოლი? როგორ მოხვდით ყვითელჟილეტიანებში და როგორ გახდით მათი ლიდერი?

– 17 ნოემბრიდან პირველი აქციის გამართვის შემდეგ გავხდი ყვითელჟილეტიანების წევრი. ცხოვრებისეულად, ყოველთვის ყვითელჟილეტიანი ვიყავი, ყოველთვის ვიყავი ხელისუფლების წინააღმდეგი, რომელიც ხალხს არასწორად ექცეოდა; ყოველთვის სოლიდარული ვიყავი ხალხის, რომელიც შრომობს და სათანადოდ არ არის დაფასებული. ლიდერი არ ვარ, რადგან ლიდერები ხალხს კარნახობენ და მე კი ასე არ ვიქცევი. ლიდერი არის ხალხი. მე ასე ვფიქრობ. უბრალოდ, მე ვიდეომიმართვა გავაკეთე, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა და შევქმენი სოციალურ ქსელში ჯგუფი, რომელიც ასევე პოპულარული გახდა. ჯგუფში ბევრი წევრი გვყავს, სადაც ინფორმაციას ვუზიარებთ ერთმანეთს, ხალხს აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება. ისინი მე მენდობიან და ეს ძალიან სასიხარულოა.

პრეზიდენტმა მაკრონმა განაცხადა, რომ სამხედროებს გამოიყვანს ხვალინდელ აქციაზე, რას ნიშნავს მისი ეს გადაწყვეტილება თქვენთვის?

– ხვალ ჯარი გამოყავს ხელისუფლებას. ეს დანაყოფი ტერორისტული აქტების შემდეგ შეიქმნა და ანტიტერორისტული ქვედანაყოფია. პრეზიდენტს უნდა, რომ ხალხი ასე შეაშინოს. იმედი მაქვს, რომ ხალხის წინააღმდეგ არ იმოქმედებენ სამხედროები. მეც ყოფილი ჯარისკაცი ვარ. სამხედროებმა ხალხი უნდა დაიცვან, მათ ეს ევალებათ. იმედია, ხელისუფლება ჯარს ხალხის წინააღმდეგ მოქმედებისკენ არ მოუწოდებს, რადგან ისინი შეიძლება ძალიან აგრესიულები იყვნენ.

რას აპირებთ ხვალინდელ აქციაზე? როგორი გეგმები გაქვთ? სად გაიმართება დემონსტრაცია?

– სად ჩატარდება ხვალ საპროტესტო აქცია, ამას ვერ გეტყვით. ეს უსაფრთხოების გამო გასაიდუმლოებულია, ხელისუფლებამ წინასწარ არ უნდა გაიგოს, რადგან პოლიციელები ყვითელჟილეტიანების ნაწილს დღეს დააკავებენ. ხვალ იქნება მანიფესტაცია არა მარტო პარიზში, არამედ სხვა ქალაქებშიც.

როგორ ფიქრობთ, თქვენი რადიკალური ქმედებები ქვეყნისთვის სავალალო შედეგს ხომ არ მოიტანს? ეკონომიკაზე როგორ იმოქმედებს?

– ერთი წლის განმავლობაში საფრანგეთში მხოლოდ იმიტომ, რომ მდიდრები გადასახადებს არ იხდიან, სახელმწიფო ბიუჯეტის დანაკარგი მილიარდობით ევროა. მთავრობა ამაზე ხალხს პასუხს არ სცემს. საფრანგეთი დიქტატორულ სახელმწიფოს ემსგავსება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმა? როდემდე აპირებს მოძრაობა „ყვითელი ჟილეტები“ აქციებს გაგრძელებას?

– სამომავლო გეგმები მდგომარეობს იმაში, მთავრობა და დიდი კომპანიები, რომლებიც ძალიან დაბალ გადასახადებს იხდიან, უნდა მიხვდნენ, რომ გადასახადები ფრანგი ხალხის მსგავსად უნდა გადაიხადონ. ჩვენი მანიფესტაციები გაგრძელდება, ვიდრე სამართალს არ მივაღწევთ ქვეყანაში. სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ჩვენ პროტესტს არ შევწყვეტთ. აქციები შეიძლება, ორი წელი გაგრძელდეს, შეიძლება, ორი კვირა. იმედი მაქვს, რომ პროცესები სამოქალაქო ომამდე არ მივა. არც იმის სურვილი მაქვს, რომ ხალხი დაიღუპოს. მთავრობა უკვე 18 კვირაა, რაც რეაგირებას მხოლოდ ნეგატიურად ახდენს –  გამოჰყავს სამართალდამცავი უწყებები და ქვედანაყოფები ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც აგრესიულები არიან, ხალხს სცემენ, ციხეში სვამენ, ესვრიან რეზინის ტყვიებს, უშვებენ ცრემლსადენ გაზს. ვიმედოვნებ, რომ სამოქალაქო ომამდე არ მივალთ, მაგრამ ეს დამოკიდებულია მთავრობის ნაბიჯებზე.

ყვითელჟილეტიანების მხარდამჭერთა რაოდენობა ხომ არ შემცირდა?

– მთავრობა 18 კვირის განმავლობაში ცდილობს, ხალხი შეცდომაში შეიყვანოს და დააჯეროს, რომ ყვითელჟილეტიანების რაოდენობა შემცირდა. ეს ტყუილია. ამის იმიტომ ამბობს, რომ ჩვენი ეშინია. ეს ტყუილია. აქციების დროს 300 000-დან 500 000-მდე ადამიანია ქუჩაში.