პარიზში უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში ჯავშანტექნიკა პირველად გამოჩნდა
საფრანგეთის დედაქალაქში უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში ჯავშანტექნიკა პირველად გამოჩნდა.
პოლიციის სპეცტექნიკა საფრანგეთის ქვედა პალატის შენობასთან არის მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სულ დღეს ჟანდარმერია 14 ჯავშანმანქანას გამოიყენებს.
აღნიშნული ტექნიკით ბარიკადების დაშლაა შესაძლებელი. მანქანებზე დამაგრებულია სპეციალური მოწყობილობა, რომლითაც ცრემლსადენი აირის გაშვებაა ხდება.
ამავე დროს აქციაზე მიმავალ ყველა ადამიანს პოლიცია აჩერებს და ჩხრეკს. ამ გზით სამართალდამცავები ცდილობენ, აქციაზე მჭრელი, ბასრი საგნები, იარაღი და სხვა აკრძალული ნივთები არ მოხვდეს.
პოლიციის მითითებით პარიზში დღეს დაკეტილია მაღაზიები. მათ უმრავლესობას ჟალუზები აქვს ჩამოშვებული, რათა დემონსტრანტებმა ვიტრინების დაზიანება ვერ შეძლონ. ტრიუმფალურ თაღთან მოწყობილია რკინის ბარიერები.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარიზში ყვითელჟილეტიანების მოძრაობის აქციაა დაგეგმილი. ისინი ხელისუფლებისაგან გადასახადების შემცირებას, ხელფასების მომატებას და ეკონომიკური პოლიტიკის გადახედვას ითხოვენ. აქციაში მონაწილეობენ, როგორც რადიკალი მემარჯვენე, ისე მემარცხენე მოძრაობები. პოლიციაში შიშობენ, რომ დემონსტრანტებს შორის იქნებიან პროვოკატორები, რომლებიც არეულობის მოწყობას შეეცდებიან.