პარიზში, სოფლის მეურნეობის გამოფენაზე, სადაც ემანუელ მაკრონს ელოდებოდნენ, ფრანგი ფერმერები შეიჭრნენ და პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვეს
ფრანგი ფერმერები პარიზში, სოფლის მეურნეობის გამოფენაზე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის დაგეგმილი მისვლის წინ შეიჭრნენ, – ინფორმაციას „როიტერი” ავრცელებს.
ფერმერები ემანუელ მაკრონის გადადგომას ითხოვდნენ.
როგორც „როიტერი” წერს, ფერმერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ერთი ფერმერი დააკავეს.
მომხდარის შემდეგ გამოფენაზე მისულმა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანგ ფერმერთა გაერთიანების ლიდერებთან შეხვედრა გამართა.
„მე ამას ვამბობ ყველა ფერმერის გასაგონად: თქვენ არ ეხმარებით არცერთ თქვენს კოლეგას სტენდების დამტვრევით”, – განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს პროფკავშირების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამ კვირაში ფერმერთა გაერთიანების წარმომადგენლებსა და სექტორის სხვა დაინტერესებულ მხარეებს ელისეს სასახლეში მიიწვევს.
პარიზის სოფლის მეურნეობის გამოფენა მთავარი მოვლენაა საფრანგეთში, რომელიც ცხრა დღის განმავლობაში იზიდავს დაახლოებით 600,000 ვიზიტორს.
ცნობისთვის, ფრანგი ფერმერები უკრაინიდან და ევროკავშირის სხვა არაწევრი ქვეყნებიდან სურსათის იმპორტის შეზღუდვას ითხოვენ, რადგან ამ ქვეყნებს არ უწევთ ევროპული რეგულაციებისა თუ სტანდარტების დაცვა, შესაბამისად, პროდუქტს ევროპაში იაფად ყიდიან. ამასთან, სოფლის მეურნეობის წარმომადგენლები ითხოვენ საწვავის ღირებულების შემცირებას და გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შერბილებას.