პარიზში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, დაკავებულია 88 ადამიანი

პარიზში შრომის დღესთან დაკავშირებით საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, დაკავებულია 88 ადამიანი.

ტელეკომპანია „ბი-ეფ-ემის“ ინფორმაციით, დაპირისპირება პარიზის სამხრეთ ნაწილში, მონპარნასის ბულვარში მოხდა. შრომის დღეს პარიზში საპროტესტო მსვლელობას პროფკავშირები და მოძრაობა „ყვითელი ჟილეტები“ მართავენ.

საფრანგეთის დედაქალაქში უსაფრთხოებას 7400 სამართალდამცველი იცავს. აქციის მონაწილეებს შორის არიან ნიღბიანი პირები იმის მიუხედავად, რომ საფრანგეთში მიღებული ახალი კანონის მიხედვით, აქციაზე ნიღბის ტარება აიკრძალა.

ფრანგული მედიასაშუალების ცნობით, პირველი შეტაკებები სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის მოხდა ლიონში, სადაც მანიფესტაციაში ოთხი ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. მომიტინგეებმა პოლიციას საღებავი ესროლეს, სამართალდამცველებმა კი ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.