პარიზში საწვავის ფასების ზრდის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს
საფრანგეთის დედაქალაქში „ყვითელი ჟილეტების“ სახელით ცნობილი მოძრაობის დემონსტრაციაზე სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
Reuters-ის ცნობით, აქტივისტები ელისეის მინდვრებზე პოლიციის კორდონების გარღვევას ცდილობდნენ. არეულობის დროს სამართალდამცველებმა 24 პირი დააკავეს.
პოლიციის ცნობით, საწვავის ფასების ზრდასთან დაკავშირებით მიმდინარე დემონსტრაციაზე არეულობა გასული კვირის მსგავსად, ულტრამემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლებმა მოაწყვეს.
საფრანგეთში მასშტაბური დემონსტრაციები უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს.
„ყვითელი ჟილეტების“ სახელით ცნობილი აქტივისტები საწვავზე ფასების გაზრდას აპროტესტებენ.
2018 წელს საფრანგეთში ბენზინის ფასი 15 პროცენტით, ხოლო დიზელის – 23 პროცენტით გაიზარდა. საწვავზე ფასების მომატება პირველი იანვრიდანაც იგეგმება.